ქარელსა და ხაშურში სამართალდამცავებმა ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგადაც იარაღისა და მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ერთი პირი, ერთი კი ამხილეს.
შსს-ს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად.
“სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1950 წელს დაბადებული ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.