საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. აღნიშნული ფესტივალი წელს მეათედ იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ფილმების ჩვენება, გამოფენების მოწყობა, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები.
ფესტივალის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
“სიმბოლურია ასეთი ღონისძიების იმ სოფელში ჩატარება, რომელიც ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს და სადაც 14 წლის წინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხელოვნების ენა უნიკალურია. მას შეუძლია შერიგების პროცესის დაჩქარება. როგორც დღემდე, გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას”, – განაცხადა გორის მერმა.
ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება.