ადამიანები ისტორიები

ქალი, რომელმაც იგოეთში უსახლკარო ცხოველები შეიფარა – თამილა უმეკოვის ამბავი

სოფელ იგოეთში მცხოვრები თამილა უმეკოვი, წლებია უსახლკარო ცხოველებს მფარველობს და მათ გამოკვებაზე ზრუნავს.

თამილას საცხოვრებელი გზის პირზე მდგარი პატარა ვაგონია, რომელიც თავის დროზე საგზაო დეპარტამენტმა დადგა, როდესაც გზას რეაბილიტაცია უტარდებოდა. უმეკოვმა ვაგონი საცხოვრისად მოაწყო და უკვე 20 წელზე მეტია აქ დასახლდა. საკუთარი ჭერი არ აქვს, თუმცა უსახლკარო ცხოველებისთვის მისი სახლი ერთადერთი თავშესაფარია.

“ბევრი კატები და ძაღლები მყავს, რასაც მე ვჭამ, იმას ვაჭმევ ამათაც. ლამისყანაშიც გადავდივარ, იქაც ვაჭმევ ძაღლებს. ჩემი დამხმარე არავინ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს, მიყვარს ცხოველები. გზის პირას თუ ვინმე ჩამოსვამს ძაღლს მივდივარ და მომყავს. ერთხელ ფეხმოტეხილი ძაღლი გადმოსვეს, მე ვმუკრნალობდი, მერე თბილისში წაიყვანეს ოპერაცია ჩაუტარდა და ისევ დამიბრუნეს, ახლაც ჩემთანაა”, – ამბობს უმეკოვი.

თამილა დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ ხშირად ხვდება ნაგავზე დატოვებულ ცხოველებს, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობათ, მაგრამ მას მაინც სახლში მიჰყავს და მკურნალობს, ცხოველები ეჩვევიან და მისგან აღარ მიდიან.

“მეცოდებიან, რა ვუყო?! როგორ მივატოვო, როდესაც ვიცი ჩემ გარდა პატრონი არ ჰყავთ. მათ საოცარი ერთგულება და სიყვარული იციან და არ მესმის ადამიანების, რომლებიც ასე ექცევიან ოთხფეხა მეგობარს”, – ამბობს თამილა.

თამილა უმეკოვი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ ცხოველების გამოკვება უჭირს. ხშირად მათ საკუთარ ულუფას უნაწილებს. მოქალაქეებისგან მხოლოდ ერთს ითხოვს, ოთხფეხა მეგობრების გამოკვებაში დაეხმარნონ, ფიქრობს რომ ასე კიდევ უფრო მეტ შინაურ ცხოველს უპატრონებს.

დატოვეთ კომენტარი