ადამიანები ისტორიები

გულშემატკივართა რჩეული – მორე

ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა და მას შემდეგ გორის „დილას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

„ჩორნომორეცი“ ოდესა, , „მეტალურგ“ ზაპოროჟია, „მეტალურგი“ რუსთავი, „დინამო“ თბილისი, „დილა“ გორი – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც ირაკლი თამაშობდა. მას  მორე გორელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს.

ირაკლი მოდებაძე იმ იშვიათ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, ვინც დიდი ხნის მანძილზე, კერძოდ 6 წლის განმავლობაში იცავდა გორული კლუბის ღირსებას.

2011-დან 2017 წლამდე, „დილა“ ფინანსურ კრიზისში ბევრჯერ აღმოჩენილა, ყოფილა პერიოდიც, როცა კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდიდა. ამის გამო, გუნდიდან ფეხბურთელები ხშირად მიდიოდნენ და ხელმძღვანელობას სისტემატურად უწევდა შემადგენლობის გადახალისება, თუმცა ირაკლი მოდებაძემ ბოლომდე გორის „დილას“ რიგებში თამაში არჩია და რამდენიმე თვის განმავლობაში უხელფასოდ თამაშზეც დათანხმდა.

ირაკლი ყოველთვის შესამჩნევი იყო ხარისხიანი თამაშით. მას ჰქონდა ყველა თვისება, რაც მაღალი დონის ფორვარდს უნდა ჰქონდეს და ამის გამო, ის ყოველთვის გამოირჩეოდა მოედანზე.

მოდებაძე მატჩიდან მატჩამდე იგებდა გულშემატკივართა გულებს, თუმცა ფაქტმა, რომ ირაკლი მძიმე პერიოდშიც დარჩა კლუბში და უხელფასოდ თამაშზე დათანხმდა, კიდევ უფრო დიდი ერთგულება წარმოშვა მასსა და გულშემატკივარს შორის.

2014-2015 წლების სეზონში გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

მოდებაძე იმ სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. ფეხბურთელმა სეზონში 16 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 2014-2015 წლების სეზონი გორული კლუბისთვის ორმაგად დასამახსოვრებელი გამოდგა, რაც პირველად მოგებულ ჩემპიონატსა და „დილას“ ფეხბურთელის ისტორიაში პირველ ბომბარდირობაში ერთდროულად აისახა.

საერთო ჯამში ირაკლი მოდებაძემ „დილას“ შემადგენლობაში 127 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები