კასპის მუნიციპალიტეტში 28 საბავშვო ბაღია, აქედან ორი შენობა მიმდინარე წელს აშენდა და ახალ სასწავლო წელს იგოეთისა და რენეში მცხოვრები აღსაზრდელები ახალ შენობაში შეხვდებიან.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, მანანა ხვთისიაშვილი ამბობს, მიმდინარე წელს გარდა ახალი შენობების აშენებისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღების უმრავლესობას.
“იგოეთის საბავშვო ბაღში უკვე მივიღეთ აღსაზრდელები, შემდეგ აშენდა რენეს საბავშვო ბაღი. ამ ბაღში ჯერ თანამშრომელთა საშტატო ნუსხას დავამტკიცებთ და მერე დაიწყება აღსაზრდელების მიღება, რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, მათ უმრავლესობას ჩაუტარდა რემონტი. ახლა უნდა გაიხსნას სამთავისიასა და ზემო ხანდაკის ბაღები”, – გვითხრა მანანა ხვთისიაშვილმა.
მისი თქმით, სიახლეებია კვების მიმართულებითაც. გაიზარდა კვების მენიუს ღირებულება.
“აქამდე გვქონდა 25 ლარიანი პაკეტი, მოემატა და გახდა 30 ლარიანი. ყველა სტანდარტი დაცულია, გათვალისწინებულია სურსათის სააგენტოს შენიშვნებიც. ვფიქრობ, რომ სააღმზრდელო პროცესი ბევრად უკეთესად წარიმართება, ვიდრე წინა წლებში”, – ამბობს ხვთისიაშვილი.
ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში 1300 -ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება.