საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ხაშურში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, წყლის შეზღუდვის მიზეზი კლიმატური პირობები და მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის სარწყავად გამოყენებაა.
კომპანიის ინფორმაციით, ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ზაფხულის სეზონზე, სასმელი წყლის სარწყავად მოხმარების გამო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დებიტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ქ.ხაშურის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ცხრამუხისა და ღვთისას სათავეებზე, რათა უახლოეს დღეებში წყლის არსებული გრაფიკი აღდგეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის, ხაშურის ახალი,თანამედროვე წყლისა და წყალრინების სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი სისტემებით იქნება უზრუნველყოფილი.