“კარგად ვარ, ჩემზე აღარ ინერვიულოთ, მერე მე თვითონ ჩამოვალ”, – ეს იყო კაპრალი კახა კოშაძის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც ოჯახის წევრებს ტელეფონით უთხრა.
კოშაძე ის ერთ-ერთი მებრძოლია, რომელიც 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლას შეეწირა, მაშინ 22 წლის იყო. პროფესიაც შერჩეული ჰქონდა, სტომატოლოგი უნდა გამოსულიყო, მაგრამ სავალდებულო ჯარის დასრულების შემდეგ, კონტრაქტს მოაწერა ხელი და ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნება არჩია.
კახა კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ხოვლეში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაც სოფელში დაამთავრა. შიდა ქართლიდან ის ერთადერთია, რომელიც შინდისის ბრძოლას შეეწირა.
“სკოლიდან წელგამართული და ამაყი ვბრუნდებოდი, საშუალო მოსწავლე იყო, მაგრამ ყველა მასწავლებელი მადლობას მიხდიდა, ასეთი კარგი და ზრდილობიანი შვილი გყავსო. ბიჭები არსად არ მიდიოდნენ, აქ იყვნენ ხოლმე, ეზოში, მაგრამ საღამოს რომ შეაგვიანდებოდათ, სინათლე არ იყო ხოლმე და სანთლით ვეძებდი”, – იხსენებს დედა მზია ვარსიმაშვილი.
კოშაძეების ოჯახი ტრაგედიას 14 წლის შემდეგაც ვერ ეგუება. მამა რომ იტყვის, კახა მეგობრული ბიჭი იყოო, დედას ელდა ეცემა, – იყო და არის!
“ვერ ვიჯერებ, ჩემი შვილი მე ცოცხალი მგონია. ჩემს ტვინში ვერ გავატარე ეს აზრი, უბრალოდ, გააზრებაც არ შემიძლია, რომ ჩემი შვილი აღარაა. კარს გავაღებ, თუ ფანჯარაში ვიყურები, ასე მგონია, წუთი წუთზე უნდა გამოჩნდეს და სახლში შემოვიდეს. რატომღაც ასეთი გრძნობა მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის ეს გრძნობა“, – ამბობს დედა.
სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.
შინდისთან შეტაკება რუს ოკუპანტებთან 11 აგვისტოს მოხდა, 17 ქართველი ჯარისკაცი თავდაუზოგავ წინააღმდეგობას უწევდა მტერს, ბრძოლა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. 1-ელ საათზე ყველაფერი დასრულდა… ჯარისკაცი, რომელიც კახასთან ერთად იყო მანქანაზე, ამბობს, რომ ჯერ კახა გადახტა, მერე მე და გავიქეცით, მას მერე აღარ გვინახავსო.
ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.