ადამიანები ისტორიები

მენატრება ჩემი ავნევი, ახლა იქ ყველაფერი გადამწვარია – 92 წლის გიორგი ლაოშვილის ამბავი

2008 წლის აგვისტოს ომმა უამრავ ადამიანს დააკარგვინა სახლი, ოჯახის წევრი, ნათესავი და რაც ყველაზე მტკივნეულია, განუსაზღვრელი დროით დააშორა მშობლიურ მხარეს. ათასობით ადამიანი საკუთარ ქვეეყანაში დევნილად იქცა.

ომიდან 14 წლის შემდეგ, მშობლიურ სოფელს იძულებით მოშორებული გიორგი ლაოშვილი “მოზაიკასთან” იმ დღეს იხსენებს, როცა დაბომბილი სოფლიდან მეუღლესთან ერთად წამოვიდა.


“თან მხოლოდ ხელჯოხი გამოვიყოლე, სხვა არაფერი წამომიღია”, – გვეუბნება თვალცრემლიანი.

ის ახლა 92 წლისაა. მეუღლე და შვილი გარდაეცვალა და ომის მოგონებებთან ერთად ცხოვრებას მარტოდ განაგრძობს.


“ახლა, იქ ყველაფერი გადამწვარია, მიწასთანაა გასწორებული, რაც ამდენი წლის განმავლობაში ვაგროვე, ოფლით და ჯაფით. არაფერი მიჭირდა, ხეხილის ნაკვეთები მქონდა, ვუვლიდი, ვყიდდი. მე მომწონდა ჩემი მეურნეობა, ჩემი ცხოვრებით ბედნიერი ვიყავი. ახლა კი, არაფერი აღარ მაქვს. მეუღლე და შვილი სიმსივნით გარდამეცვალა, მას მერე მარტო ვარ. შვილიშვილები და გოგო მაქცევენ ყურადღებას. მენატრება ყველაფერი, რაც ჩემს ავნევთან მაკავშირებს”,- ამბობს გიორგი.

გიორგი იხსენებს, რომ 7 აგვისტოს რუსებმა მისი სოფლის დაბომბვა დაიწყეს. გაამთენიისას კი, შეშინებული მოსახლეობა ფეხით წამოვიდა, რათა მშვიდობიანი ადგილისთვის შეეფარებინათ თავი.

“გადმოდგებოდნენ, ხოლმე რუსები სერზე და გვესროდნენ. 7- ში, ღამე დაიწყეს დაბომბვა, კასეტური ბომბები ჩამოყარეს ჩვენს სოფელში. ბიჭები დაიჭრნენ. საბედნიეროდ, ამ ღამეს მსხვერპლს გადავრჩით. გამთენიისას, ფეხით წამოვედით. მთელი სოფელი დაიცალა იმ დილით. დვანამდე ფეხით ვიარეთ”, – იხსენებს გიორგი.

გიორგი 14 წელია ქარელში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ხშირად ფიქრობს მშობლიურ ავნევზე და იქ დაბრუნებაზე ოცნებობს.

“ჩემი სურვილია, რომ დავბრუნდე სოფელში, მაგრამ იქაურობის აღდგენას ვეღარ შევძლებ. 92 წლის ვარ უკვე”, – გვეუბნება გიორგი ლაოშვილი.

გიორგი ლაოშვილს 16 შვილთაშვილი ჰყავს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. მისი თქმით, ისინი დროდადრო სტუმრობენ და მშობლიური ადგილის მონატრების დაძლევაში ეხმარებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.