აგარაში ერთ-ერთი ქუჩა გიორგი ძირტკბილაშვილის სახელს ატარებს. ის აგვისტოს ომის მონაწილეა, რომელიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაგარგულად ითვლება. ეძებდნენ ყველგან, დაჭრილებში, გარდაცვლილებში, მაგრამ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს გიორგის ადგილსამყოფელს.
გიორგი ძირტკბილაშვილს 6 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში, როდესაც რუსეთ-საქართელოს ომი დაიწყო და სამშობლოს დასაცავად, ისიც ძმასთან ერთად წავიდა. ძმა, დავით ძირტკბილაშვილი უვნებელი დაუბრუნდა ოჯახს, გიორგის შესახებ კი ბევრი დეტალი უცნობია.
„ბოლოს 6 აგვისტოს იყო სახლში მოსული, სადილი მომამზადებინა, მეგობრები უნდა მოვიდნენო. ამ დროს საზამთრომ ჩამოიარა და შემომიტანა, ეს შენ, დაბადების დღის საჩუქრადო. 10 აგვისტოსაა ჩემი დაბადების დღე და მითხრა, იქნებ 10 აგვისტოს ვერც მოვიცალო, აქ არ ვიყოო. როგორც გადმოცემით ვიცი, გიას დაჭრილები გამოჰყავდა მანქანით. ბოლოს რომ გამოიყვანა ბიჭები, უთქვამს, იქ ბიჭები არიან დაჭრილები და როგორ დავტოვოო და ისევ შესულა. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, რომ სნაიპერსაც ვერაფერი დაუკლია, ბორბლებს ესროდნენ და „კობრა“ ამოტრიალდა. მითხრეს, რომ ჯავშან ტექნიკიდან სამნი გადმოსულან და შენობაში შესულან, მაგრამ ბიჭების დასახმარებლად რომ მივიდნენ, იქ არავინ დახვედრიათ, – ამბობა ნუნუ ახალკაცი.
გიორგი ძირტკბილაშვილი 1980 წლის 17 აგვისტოს დაიბადა, დედა იხსენებს, რომ ის კარგი მოსწავლე იყო, ლექსებსაც კი წერდა. სკოლის დასრულების შემდეგ სავალდებულო ჯარი მოიხადა და თან დაუსწრებელზე ჩააბარა.
“ჯარს რომ მორჩა, სოფელში მუშაობდა, თავისი შემოსავალი ჰქონდა. 27 წლისამ დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დიპლომის აღება ვერ მოასწრო. უნივერსიტეტში რომ მივიდა დიპლომისთვის, უთხრეს, მზად არაა, აგვისტოში მოდიო. აგვისტოში ეს უბედურება დაგვატყდა თავს”, – ამბობს დედა.
გიორგი ოჯახს ბოლოს 8 აგვისტოს ესაუბრა, “კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთ”, ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. ახლობლები კვლავ ეცადნენ ტელეფონზე დარეკვას, მაგრამ გიორგის ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა.