კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სავარაუდო უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ქვეყნის მასშტაბით დახურული აუქციონის გზით ყიდულობს ტერიტორიებს, სადაც კოტეჯების მშენებლობას გეგმავს. მოსახლეობა შიშობს, რომ მიწებს დაკარგავენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი, ლევან გახელაძე ამბობს, რომ აღნიშნულ მოქალაქეს პარტნიორებად არაბული გვარ-სახელების მქონე სუბიექტები ჰყავს და მიწების ინტენსიურად შეძენა ეჭვს ბადებს.
“სოფლის კრებაზე გაირკვა რომ ე.წ. სააგარაკე დასახლების ტერიტორიის მფლობელი ვინმე კურტანიძეა. ეს კურტანიძე უეცრად დიდ ლატიფუნდისტად იქცა საქართველოში – ყიდულობს მიწებს ქართლში, კახეთში, იმერეთში და ა.შ. ყიდულობს ფარულ, არასაჯარო აუქციონებზე კაპიკის ფასად და რომლის შესახებ არასდროს არაა ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა”, – ამბობს გახელაძე.
მისივე ინფორმაციით, მიწების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან მოსახლეობას.
““აუქციონებს” წინ უძღვის სასოფლო- სამეურნეო მიწების “გადაქცევა” არასასოფლო-სამეურნეო მიწებად, ასევე იდუმალად, სასოფლო თემების ზურგს უკან. ამ კურტანიძეს კომპანიონებად ჰყავს არაბული გვარ-სახელების მქონე სუბიექტები, რომელთა განზრახულება და მიზნები ბუნდოვანია, რაც უაღრესად ძაბავს თემს. ხალხის მოლოდინია რომ მიწების დაკარგვასთან ერთად მკვეთრად შეიცვლება დემოგრაფიული სურათიც თემშიც და რეგიონშიც”, – ამბობს ლევან გახელაძე.
ქვემო ჭალაში, საოკუპაციო ხაზთან 121 კოტეჯს ააშენებენ – ვინაა ინვესტორი?
მოსახლეობა სავარაუდო უკანონო მშენებლობის გაპროტესტებას აპირებს. ადგილობრივებმა 3 აგვისტოს, 11:00 საათზე აქცია დააანონსეს.
“ვითარებას ართულებს ისიც, რომ ლეგიტიმურად დასმულ კითხვებს ვერ პასუხობენ ვერც ადგილობრივი და ვერც მუნიციპალური ხელისუფალნი. ამიტომ ოთხშაბათს, 3 აგვისტოს დილის 11 საათზე ქვემო ჭალაში, ლეხურის ხიდთან შეიკრიბება ლეხურის ხეობის საზოგადოება ქვემო ჭალიდან, საკორინთლოდან, გორაკადან, სამთავისიდან, ბოჟამიდან, კოდისწყაროდან და გააპროტესტებს მშენებლობას. შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ყველა ის ოფიციალური პირი ვისაც ეხება ეს საკითხი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული მშენებლობა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მიმდინარეობს. ტერიტორია გამყოფი ხაზიდან 3 კმ-ში მდებარეობს.