ადამიანები ისტორიები

10 წლის გორელი სპორტსმენი, რომლის სურვილია ჭადრაკის დიდოსტატი გახდეს

“ჭადრაკის ფიგურებიდან ყველაზე მეტად პაიკი მიყვარს, ადვილად შეუძლია თავგანწირვა და ასევე გარდასახვა ნებისმიერ ფიგურად, რომელსაც კონკრეტული პოზიცია მოითხოვს”, – ამბობს 10 წლის მოჭადრაკე ანდრია ქრისტესიაშვილი, რომელიც თითქმის 3 წელია ჭადრაკს ეუფლება.

“თამაში დავიწყე 7- 8 წლის ასაკში. ტელევიზიით მოვისმინე ჭადრაკის მსოფლიო დიდოსტატის, მაგნუს კარლსენის ბიოგრაფია. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე მეც მესწავლა. ჩემი ჭადრაკის დაწყება პანდემიას დაემთხვა, რამაც გარკვეულწილად ხელი შემიშალა, ვერ ვახერხებდი ტურნირებზე აქტიურად მონაწილეობას”, – გვიყვება ის.

ანდრიას ოცნებაა წარმატებული სპორტსმენი იყოს. ამისთვის ის ძალიან ბევრს შრომობს.

“როგორც ყველა სპორტსმენი, მეც ვოცნებობ დიდოსტატი გავხდე. ყოველდღე, დღეში 2-3 საათს ვვარჯიშობ, და ვფიქრობ, როგორც ყველა სფერო, ჭადრაკიც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. სახლში მამასთან ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ ვთამაშობ მარტივად ვამარცხებ”, – ამბობს ანდრია.

ანდრია “მოზაიკას” საკუთარ წარმატებაზე და ტურნირებზე მიღებულ გამოცდილებაზე ესაუბრა.

“სპორტული კარიერის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას გამოვარჩევ, ეს იყო შიდა ქართლის ჩემპიონატი 14 წლამდე ჭაბუკთა შორის. მე ასაკით ჩემზე დიდებთან მომიწია თამაში, ეს გარკვეულწილად იყო გამოცდილება და წარმატებაც. შემდეგ იყო თელავის რესპუბლიკური ტურნირი და ბათუმი, სადაც მესამე საპრიზო ადგილზე გავედი”, – იხსენებს ანდრია.

ანდრია ფიქრობს, რომ ჭადრაკის შესწავლა სკოლებში კარგი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მოსწავლეები ლოგიკურ აზროვნებას, თვითკრიტიკას და ფიქრს ისწავლიან.

“ინტელექტუალური თამაშია. სპორტის გარდა შეიცავს მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებს. გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, თვითკრიტიკას, ფიქრს, ყურადღების კონცენტრაციას და გამარჯვებისაკენ სწრაფვას. მიხარია, რომ ჭადრაკის შესწავლა სკოლებშიც დაიწყო”, – აღნიშნავს ანდრია.

ანდრია ქრისტესიაშვილი „ნანა ალექსანდრიას სახელობის თასის“ გამარჯვებული გახდა. ის ამბობს, რომ მისი წარმატება ჭადრაკში მწვრთნელის დიმიტრი მაღალაშვილის უდიდესი დამსახურებაა.

დატოვეთ კომენტარი