ავტორი: სოფიკო სეხნიაშვილი
სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. 12 წლის განმავლობაში ველოდი დღეს, როდესაც ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო, წინასწარ ვისახავდი მიზნებს, თუ სად უნდა მემუშავა და ვინ უნდა გამოვსულიყავი. უშუალოდ ფაქტის წინაშე როდესაც დავდექი, სწავლის გასაგრძელებლად გორის უნივერსიტეტი ავირჩიე, და სწორედ მას მივანდე ჩემი მომავალი. ახლა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანას საკუთარი თავის პროფესიონალად გამოძერწვა წარმოადგენს.
რატომ გორის უნივერსიტეტი?
იმიტომ რომ ეს არის ადგილი მრავალფეროვნების, ცოდნის, განათლებისა და სიკეთის.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტი არის რეგიონალური, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გამოაცოცხლო შენი საცხოვრებელი გარემო, შენი ქალაქი.
როდესაც გორის უნივერსიტეტში ვაბარებდი მოლოდინები ნამდვილად კარგი მქონდა, ვიცოდი რომ აქ დამხვდებოდა კარგი გარემო, განათლების მიღების საუკეთესო საშუალება და რაც მთავარია დიდი პროფესიონალიზმის მქონე აკადემიური პერსონალი. გულწრფელად, რომ გითხრათ მოლოდინებს რეალობამ გადააჭარბა.
ორი წელია, გორის უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და ჩემს გარშემო ძალიან ბევრმა პროექტმა მოიყარა თავი.
პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მე და ჩემმა კურსელმა ბატონი გიორგი სოსიაშვილის უშუალო ხელშეწყობით, ჩვენი იდეა რეალობად ვაქციეთ და დავაფუძნეთ საუნივერსიტეტო ორგანიზაცია ,,ისტორიის პლატფორმა – მომავლის ხიდი’,’ რომელიც დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ვიყო იმ პროექტების სრულუფლებიანი მონაწილე, რომელიც ჩვენთვის სტუდენტებისთვის და ჩვენი უნივერსიტეტისთვის ნამდვილად საამაყო და გამარჯვების ტოლფასია.
ასეთი პროექტებია: ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს’’, ,,საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ლაპიდარული წარწერები და ეპიტაფიები’’ და სხვა.
გარდა ამისა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა ვისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით, რომლის ფარგლებში შანსი გვეძლევა ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებისა, რომელიც უფრო მეტად მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს ცოდნას და მომავალ კარიერას.
პირად ჩემთვის ჩემი უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც მუდამ მიხარია მისვლა. ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია ჩადო შენი ცოდნის ინვესტირება და მიიღო ,,ცოდნა ცხოვრებისთვის’’.