გორში სპორტული მედიცინის რეგიონული ფილიალი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესგამოცემა bm.ge ავრცელებს.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ სპორტული სარეაბილიტაციო ცენტრი სასტუმრო “ვიქტორიას” ბაზაზე გახსნა, რისთვისაც ა(ა)იპ რაიდმედი საწყის ეტაპზე ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
“გორი არის სპორტული ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სერვისების დეცენტრალიზაცია თბილისისგან და ადგილზე შეძლონ სერვისის მიღება. აქ ძალიან უყვართ განსაკუთრებით საჭიდაო სახეობები; ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდები და აკადემიები, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საჭირო და მაღალხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება – სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ეს პროცესი გორიდან დავიწყეთ”, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
ასოციაციის ცნობით, თანხები გათვალისწინებულია როგორც ცენტრის აღჭურვაზე, ისე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების მოწვევაზე, რომლებიც იმუშავებენ როგორც სპორტსმენებთან, ისე სხვა მოვარჯიშე ადამიანებთან, ბავშვებთან და მაღალი მიღწევების სპორტსმენებთან.
“ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ადგილობრივი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ამ ნაწილში ჩვენი წარმომადგენლობაც აქტიურადაა ჩართული”, – ამბობენ სპორტული მედიცინის ასოციაციაში.
სარეაბილიტაციო ცენტრში 10 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც პერიოდულად როტაციის პრინციპით ჩანაცვლდებიან. სპორტული გუნდები სასტუმრო “ვიქტორიაში” განთავსდებიან, რომლებსაც ადგილზე ნუტრიციოლოგის მომსახურებასაც შესთავაზებენ.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მაღალი მიღწევების სპორტსმენების რეაბილიტაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია უზრუნველყოფს, ხოლო ბავშვების პირველადი შემოწმებისთვის სიმბოლური თანხის გადახდა დაწესდება. მომსახურება მოიცავს ექიმის კონსულტაციას, სისხლის ანალიზს, შაქრის განსაზღვრას სისხლში, ექოსკოპიას, ნუტრიციოლოგის კონსულტაციას, სპირომეტრიას და ა.შ.
ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წარმომადგენლები გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც შეხვდნენ და საკუთარი მიზნებიც გააცნეს. პროექტის ავტორები მსგავსი ცენტრების გახსნას სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.