ბლოგები

 როგორ დავამარცხე სიმსიმვნე?

ავტორი: მადონა ჩიბირაშვილი

7 წლის წინ, ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ჩემმა გინეკოლოგმა საეჭვოდ ჩათვალა მკერდზე არსებული პატარა ფიბროადენომა და მთხოვა პერიოდულად გამეკონტროლებინა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, მალე გადამავიწყდა და გადავდე ეს პროცედურა მთელი შვიდი წელი. ბოლოს კი, რაღაც სისუსტემ და შინაგანმა ხმამ არ მომასვენა, მივაკითხე სკრინინგ- ცენტს და იქ უკვე ექიმის შეშფოთებულმა სახემ მიმახვედრა, რომ არც ისე სახარბიელოდ იყო საქმე. სასწრაფოდ გამიკეთეს ბიოფსია.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხების მიხედვით კეთილთვისებიანი იყო, ჩემმა ონკოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ მაინც სასწრაფოდ ამოკვეთა მირჩია. თუმცა აქაც დედობრივმა ინსტიქტმა იმძლავრა – იმ პერიოდში ჩემი უფროსი გოგონა აბიტურიენტი იყო და ეროვნულები იწყებოდა. ვერაფრით შევძლებდი მისთვის ამხელა სტრესი მიმეყენებინა და ისევ მოცდა ვარჩიე. ივლისის დასაწყისში დავგეგმეთ ოპერაცია, რომელმაც საეჭვო გახადა კვანძების კეთილთვისებიანობა. იყო ანალიზის პასუხის ორკვირიანი მოლოდინი და შემდეგ სამი კვირის შუალედით მეორე ოპერაციაც, მთლიანად უნდა ამოკვეთილიყო ლიმფური კვანძები. ურთულესი პერიოდი იყო, ბუნდოვნად მახსოვს ექიმის სიტყვები, რომლებიც ანესთეზიიდან გამოსვლისას მითხრა, მეორე სტადიაა და მკურნალობას ექვემდებარებაო.

ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ყველაზე მეტად თმასთან შელევა გამიჭირდა. თავიდან, სასოწარკვეთას, გაურკვევლობას და უსუსურობის განცდას ვერ ვუმკლავდებოდი. მაგრამ დაახლოებით ერთ კვირაში შევძელი ვითარების გაანალიზება, ისევ დედობრივმა ინსტიქტმა გამომაფხიზლა და იმ პერიოდიდან დღემდე, არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ მე რამე სერიოზული მჭირდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემთან ერთად იბრძნოდნენ უძლიერესი და საოცარი ადამიანები –  ჩემი ქიმიო თერაპევტი ნანა ჩიხლაძე, ჩემი თეთრხალათიანი ანგელოზები ქეთი გიორგაშვილი და დიანა შამდინოვა. მხოლოდ მათ მნახეს შეშინებული ქიმიოთერაპიის პირველ გადასხმაზე და იმდენი მოახერხეს, რომ ყოველ გადასხმაზე მიმიხაროდა მათთან.

უდიდესი ძალა აქვს ამ დროს ადამიანურ თანადგომას, სიყვარულს. ორჯერ გადამპარსა თმები მეუღლემ, არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები. არ დამავიწყდება დედის, შვილების და ყველა საყვარელი ადამიანის შიშჩამდგარი მზერა. მე არ შემეძლო მათი ღალატი. არასოდეს დამინახვებია მათვის, რომ მიჭირდა, მტკიოდა, ცუდად ვიყავი.

ზოგადად არასოდეს მიყვარდა ჩემს დაავადებაზე საუბარი. მე თავს არ ვთვლი განსაკუთრებულად, თუმცა ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მაგალითით დავეხმარები და სტიმულს მივცემ იმ ქალებს, ვინც ახლა გადიან ამ რთულ პერიოდს.

მინდა იცოდეთ, რომ მალე გაივლის ეგეც და წინ ბევრად უფრო ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გელით. დღეს მე უფრო მეტად ვაფასებ სიცოცხლეს, ყოველ წუთს და წამს. მაქვს კულინარიის და ყვავილების ჰობი და ჩემი განტვირთვაც ესაა.

ყოველი დილა იწყება ყვავილების მოვლით და გრძელდება სამსახურში. იქაც ყვავილები მილამაზაბენ დღეს. ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი ვარ და ბავშვებთან ვატარებ მთელ დღეს. შემდეგ კი ჩემს მყუდრო კაფეში გავრბივარ, რომელსაც “კერია” ჰქვია და სადაც სტუმრებს  ჩემივე ხელით დამზადებული ტკბილეულით ვუმასპინძლდები. 

დატოვეთ კომენტარი