ავტორი: ხატია ნიპარიშვილი
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საბანკო სფეროში დავიწყე მუშაობა, სადაც დაახლოებით 18 თვე ვიმუშავე. როგორც პირველი სამსახურისთვის, ანაზღაურება საშუალო, თუმცა გარკვეული ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად არასაკმარისი იყო. ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი ემიგრაციაში. ქვეყნის ასარჩევად დიდი ხანი ნამდვილად არ მიფიქრია, რადგან მალტაზე უახლოესი ადამიანი მეგულებოდა.
ცოტა რამ მალტას შესახებ:
მალტა, საკმაოდ საინტერესო ისტორიისა და შეზავებული კულტურის მქონე პატარა კუნძულთა არქიპელანგია, რომელიც სიცილიის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი დამპყრობელი ჰყავდა, 1964 წლიდან დამოუკიდებელი ქვეყანა, ხოლო 2004 წლიდან ევროპული ოჯახის წევრია. სახელმწიფო ენა როგორც მალტური, ასევე ინგლისური ენაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია. ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული. მალტის არქიტექტურა, ძველი მალტური აივნები, თეთრი, აღმოსავლური სტილის ქვის შენობები, ცხელი ჰავა, კრისტალური ზღვა, ულამაზესი კლდეები, ველური ბუნება და არაერთი კულტურული მემკვიდრეობა საკმაოდ ბევრ მნახველს იზიდავს.
მალტაზე ჩამოსვლის პირველი თვეები:
სრულიად განსხვავებული გარემო, განსხვავებული ცხოვრების ტემპი და სტილი, ულამაზესი ზღვა, აუტანელი სიცხე და ნესტი, ტემპერამენტით სავსე მომღიმარი მალტელები, უამრავი უცხოელი.. თითოეულ ნაბიჯზე ბარ-რესტორნები, სასტუმროები, – ეს იყო პირველი, რასაც თვალით აღვიქვამდი.
ჩემთვის თავის დამკვიდრება ნიშნავს საცხოვრებელი ადგილის და სამსახურს შოვნას, რაც მალტაზე ადვილად შევძელი – ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ვმუშაობდი.
სამსახურის ძიება მალტაზე:
მალტაზე საკმაოდ ბევრი ვაკანსიაა, ძირითადად სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის განხრით. სამსახურის მაძიებელისთვის კი მთავარი მოთხოვნა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნაა. ვინაიდან ენა ხელს მიწყობდა, დავიწყე მუშაობა მოლარე-ოპერატორად, ერთ-ერთ უძველეს და ხალხმრავალ რესტორანში.
მახსოვს პირველი თვე რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით დავამთავრე, პირველ უცხოენოვან სამსახურ მაინც ლექსიკურად მოუმარაგებელი შევხვდი. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მალტელების უმეტესობა დამახინჯებული ინგლისურით საუბრობს.
თუმცა თავს დავაძალე, მაქსიმალურად მოვიკრიბე ყურადღება, შევავსე ლექსიკა ახალი სიტყვებით და ცოტა ხანში, საკმაოდ გამართულად და მაღალ დონეზე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. არაერთი მადლობა და კომპლიმენტი მიმიღია, როგორც უფროსისგან, ისე მომხმარებლისგან.
2018 წელს, როდესაც მე მალტაზე ჩავედი, მომუშავე პერსონალის უმეტესობა ჯერ კიდევ არალეგალი იყო. თუმცა მალტის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების წარმომადგენლებს უკვე შეეძლოთ გარკვეული საბუთების წარდგენისა და პროცედურების გავლის შემთხვევაში, განაცხადი შეეტანათ ერთ წლიან ბინადრობაზე, რაც გახლდათ და კვლავაც გახლავთ საკმაოდ რთული და გრძელი პროცესი, გაუმართავი სისტემითა და გამოუცდელი პერსონალით. რა თქმა უნდა, მეც ვეზიარე ამ პროცესს და კანონიერად შევუდექი მუშაობას.
ნოსტალგია:
სამსახურში თავის დამკვიდრების შემდეგ, თითქოს სხვანაირად იწყებ მასპინძელი ქვეყნის შეცნობას, მეგობრების გაჩენას, გართობას, მალტა ხომ დღესასწაულია! დიდი, პატარა თუ მოხუცი მაქსიმალურად იყენებს თითოეულ შესაძლებლობას, რომ სოციუმის აქტიური წევრი იყოს.
ყველაფერი კარგად მიდის – ახალი ცხოვრება, ახალი გარემო… და ამ დროს კარზე ნოსტალგია მოგიკაკუნებს.. გენატრება ოჯახი, გენატრება შენი ქვეყანა, მეგობრები; ხვდები, რომ ახალ ტემპს ადევნებული ძველს ძალიან ჩამორჩი. ყველაზე რთული პერიოდი ალბათ პირველი ნოსტალგიისას დგება – ზოგი ადვილად გადალახავს, ზოგს ძალიან გაუჭირდება.
ალბათ, ემიგრანტების უმრავლესობა, თავდაპირველად ნამდვილად არ გეგმავს დიდი ხნით ემიგრაციაში ყოფნას და თავს იმით იიმედებს, რომ როგორც კი გარკვეულ მიზანს მიაღწევს, სამშობლოს დაუბრუნდება. თუმცა, თუ კი ნოსტალგიის სტრესს გადალახავ, ხშირ შემთხვევაში, ასე არ ხდება. ბევრი მიზეზია, თუ რატომ..
- იმიტომ, რომ აქ მეტად დამოუკიდებელი ხარ;
- იმიტომ, რომ ფინანსურად შედარებით მყარად დგახარ;
- იმიტომ, რომ სულიერ სიმშვიდეს პოულობ;
- იმიტომ, რომ თავისუფალი ხარ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებმაც განათლებით, დაუღალავი შრომითა და მცდელობით ჩვენს სამშობლოშიც წარმატებით იმკვიდრებენ თავს. მაგრამ, ალბათ ყველა თუ არა, უმეტესობა დამეთანხმება, რომ ყოველივე აქ ჩამოთვლილი ხშირად არაა საკმარისი წარმატებისათვის, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ სიტუაციას.
ქართველები მალტაზე:
ქართველები მალტაზე, უკვე წლებია, რაც ემიგრაციაში არიან. როგორც ზემოთ ვახსენე, თავდაპირველად უმეტესობა არალეგალი იყო, მაგრამ დღესდღეობით, დაახლოებით 95%-ს საბუთი აქვს. მათი უმეტესობაც კაფე-ბარებსა და სასტუმროებში მუშაობენ, ძირითადად მიმტანებად ან ბარმენად.
მალტა პატარა, თბილი ქვეყანაა, სადაც აქაური მოსახლეობა ყოველ დღე დაუღალავად გიღიმის და გესალმება… ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მალტა ყველა მხრივ განვითარებულია და მაღალ სტანდარტებზე დგას, თუნდაც ანაზღაურებისა და ცხოვრების სიძვირის მხრივ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ მიაღწიონ შედარებით მეტს, მიიღონ მეტი გამოცდილება ცხოვრებაში სხვადასხვა განხრით, გაიუმჯობესონ თუნდაც ინგლისური ენა, გახდნენ მეტად სოციალურები და დამოუკიდებლები, მალტა მართლაც რომ იდეალური ქვეყანაა.
ჩემი ემიგრანტობა მალტაზე უკვე მეხუთე წელს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ ყოფილა. აქ ცხოვრება და განწყობა ძალიან ცვალებადია, ყოველთვის ძლიერი უბრალოდ ვერ იქნები. არის მომენტები, როდესაც სამშობლოს ნოსტალგია კვლავ გიტევს – იწყებ შედარებას, რომ საქართველო, მისი ბუნება, ხალხი და კულტურა ყველაფერს ჯობია, მაგრამ რაღაც დროის მერე აცნობიერებ, რომ მუდმივი კრიტიკით მხოლოდ საკუთარ თავს ისტრესავ და დროა, დააფასო ქვეყანა, რომელმაც კარი გაგიღო და მოგცა თავის დამკვიდრების საშუალება.