გორში, სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსის მძღოლები პატრულმა 100 ლარით დააჯარიმა.
მძღოლების თქმით, მიზეზად განუმარტეს, რომ მათ ქალაქში შემოსვლის დროს მგზავრები აჰყავთ.
“რამდენიმე დღის წინ გამაჩერა პატრულმა და დამიწერა ჯარიმა 100 ლარიანი. ქალაქში მგზავრებისთვის გაჩერება არ შეიძლება სოფლის “მარშუტკებისთვისო”. ზოგჯერ არის, რომ გაჩერებებზე სოფელში წამსვლელი ხალხიც დგას და გამოდის, რომ აღარ უნდა გავუჩეროთ?”,- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
“მოზაიკა” შეეცადა გაერკვია, რის საფუძველზე ხდება სოფლის ტრანსპოსრტის მძღოლების დაჯარიმება და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპოსრტის განყოფილების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. არჩილ განჯელაშვილის თქმით, საკრებულოს დადგენილებით, სოფლის ტრანსპორტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი მარშრუტები, რის მიხედვითაც სოფლის ტრანსპორტმა ქალაქის ცენტრში არ უნდა იმოძრაოს.
“მარშრუტებზე გამოცემულია საკრებულოს დადგნილება, რომლის მიხედვით სოფლის “მარშუტკებს” არა აქვთ უფლება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე იმოძრაონ და მგზავრი აიყვანონ. მაგალითად, ატენიდან მომავალი ტრანსპორტი ავტოსადგურში მოხვდება სტალინისა და ნინოშვილი ქუჩების გავლით”, – გვითხრა განჯელაშვილმა.