ბლოგები

რა განძი გვქონია – როგორ შევქმენით ანბანი ძველი ქართული ორნამენტების სინთეზით?

ავტორი: ხატია ჯიოშვილ

ქარელის პირველ საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად ვმუშაობ. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, გაკვეთილებზე თავისუფალ დროს სულ ვხატავდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სწორედ ამავე მიმართულებით გავაგრძელე და დავამთავრე თბილისის (ა.ქუთათელაძის სახელობის) სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტი.

სწავლის დასრულების შემდეგ რამოდენიმე წლის მანძილზე არ ვმუშაობდი. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა, რომელიც გლდანის N39 საჯარო სკოლაში მუშაობდა, მითხრა, რომ სკოლას დროებით შემცვლელი მასწავლებელი სჭირდებოდა და ხომ არ ვცდიდი გაკვეთილების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე ვგრძნობდი, თუ რამხელა  პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა, მაინც დავთანხმდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან პირველივე გაკვეთილის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ვიპოვე ის საქმე, რაც მსიამოვნებს და რაც თავს მნიშვნელოვან ადამიანად მაგრძნობინებს. 

ბოლო ოთხი წელია, რაც ქარელის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ვარ და პროექტი, რომელზეც საუბარს ვაპირებ, სწორედ ამ სკოლაში განვახორციელე. 


2019-2022 წლებში სკოლა ჩაერთო ახალი სკოლის მოდელში და განვახორციელეთ სასკოლო პროექტი, ჩვენ მიერვე შერჩეული სახელწოდებით „რა განძი გვქონია“.

როდესაც სკოლის დირექტორმა, მარიამ საზანდრიშვილიმა თათბირზე პროექტის შესახებ ისაუბრა და გაგვაცნო იმ თემების ჩამონათვალი, რაზეც კათედრებს შეგვეძლო მუშაობა, დიდი ფიქრი არ დამჭირვებია თემის შესარჩევად, რადგან ერთ-ერთი თემა ჩვენს საგანძურს, ქართულ ანბანს ეხებოდა. მივხვდი, რომ მომეცა საშუალება ჩემი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება გამომეხატა ქართული ანბანისადმი.

პროექტზე ვესაუბრე ჩემს მოსწავლეებს, გავაცანი ჩემი იდეები და ჩვენდა სასიხარულოდ,  ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა ძველი ქართული ორნამენტების ალბომი. შევქმენით  მესენჯერის ჯგუფი სახელწოდებით „ანბანის ბავშვები“ და გავაერთიანე მოსწავლეები, რათა თითოეული მათგანისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ამ ალბომში არსებული ნებისმიერი ესკიზი თუ ჩანახატი. საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ერთ იდეაზე, რომ შეგვექმნა ოცდაცამეტივე ასო-ბგერა ამ უძველესი ქართული ორნამენტების სინთეზით.

პროექტზე IX, X და XI კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ. აკეთებდნენ უამრავ ესკიზს რომელთა საბოლოო სახეზე ერთად ვმუშაობდით ჩემს სამხატვრო  სახელოსნოში. ასოები შერულებულია შავ ფორმატზე ოქროსფერი აკრილის საღებავით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და აღქმადს ხდის ასო-ბგერებს. ოცდაცამეტივე ასო-ბგერა სამ ფერში, წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებშია შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული ხედვა და ხელწერა აქვს, საბოლოოდ მაინც შევძელით, რომ ანბანის დასრულებული სახე ერთ ხაზში ყოფილიყო.

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქარელის პირველ საჯარო სკოლას და „ანბანის ბავშვებს“ ნამდვილად გვაქვს ის, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. ესაა დიდი შრომის,ენთუზიაზმისა და სიყვარულის შედეგი – 33 საოცარი და განუმეორებელი ასო-ბგერა.

დატოვეთ კომენტარი