ადამიანები ისტორიები

წარმატება მოაქვს მუდმივ განვითარებას – ნანა ტერმაკოზაშვილი შრომასა და მონდომებაზე

“სწავლის მნიშნვნელოვანი არსი ის არის, რომ კენწეროში გატკბილებას არ დაელოდო და უშუალოდ პროცესით იღებდე სიამოვნებას.”

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილი გვიყვება, თუ რა გზა გამოიარა დღევანდელ დღემდე.

„სკოლა სოფელ ხელთუბანში დავამთავრე, შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მივიღე, შემდეგ კი იყო ასპირანტურა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლაზე არც ამის შემდეგ მითქვამს უარი. ზოგადად, ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა სწავლობდეს და განვითარებაზე იყოს ორიენტირებული”, – ამბობს ნანა.

როგორ გვეუბნება სხვადასხვა დროს უმუშავია ხელთუბნის სკოლაში ქართულის მასწავლებლად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის პოზიციაზე და ასევე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განყოფილების უფროსად. 

ჩვენთან საუბარში ის იმ სირთულეებსაც იხსენებს, რომლებიც პროფესიული ზრდის კვლადაკვალ ხვდებოდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წელს წარმატებით ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები, საჯარო სკოლაში დასაქმება მარტივი არ აღმოჩნდა. წლების განმავლობაში, მხოლოდ კერძო მასწავლებლად მუშაობა იყო ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო, მაგრამ რადგან ჩემი საქმე მიყვარს, ხელი არასდროს ჩამიქნევია. როცა არ ნებდები, ყოველთვის გამოჩნდება ახალი შანსები”.

ამჟამად, ნანა ტერმაკოზაშვილი გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ ამ პოციზიაზე მუშაობას შრომით ვალდებულებებთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ახლავს.

“ყურადღება სწორ ნიუანსებზე უნდა გაამახვილო, აზრთა სხვადასხვაობა უნდა მოისმინო, მაგრამ გულთან ახლოს არ მიიტანო, ეს ძალიან დაგეხმარება საქმის სწორად წარმართვასა და რაც მთავარია, პიროვნულ განვითარებაში. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე ეხება ადგილს, სადაც მომავალი თაობები სწავლობენ.”

ჩამოთვლილი მიღწევების მიუხედავად, ამბობს, რომ პიროვნულ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს, რადგან სხვანაირად წარმატების შენარჩუნება შეუძლებლად მიაჩნია. 

“ჩემთვის წარმატებულია ადამიანი ისაა, ვინც მუდამ ავითარებს საკუთარ პიროვნებას და მუდამ სწავლისა და ახლის ძიების პროცესშია. არ არის მარტივი, აკეთებდე იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, ამავდროულად ცოტა ფული და დროც გრჩებოდეს საკუთარი პატარ-პატარა სიამოვნებებისთვის, მაგრამ მკვეთრად დასახული მიზნისა და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ადამიანი აუცილებლად მიაღწევს ამას.”

საუბრის ბოლოს ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენონ.

“მე რომ ახლა მოსწავლე ან სტუდენტი ვიყო, ვიცი, როგორც განვკარგავდი ჩემს დროს. ახლაგაზრდებმა უნდა გაიაზრონ, რომ დრო ძალიან ძვირფასი რამეა და უმნიშვნელოვანესია მისი ეფექტურად ათვისება – სწავლა, შრომა, მიზანდასახულობა და მოტივაცია – ახლაგაზრდა, ვინც ამ ყველაფერს მოახერხებს, აუცილებლად გახდება წარმატებული”. 

დატოვეთ კომენტარი