ლია ჩლაჩიძე ერთ-ერთია იმ ქალებიდან, ვინც უამრავი სირთულის მიუხედავად არ დანებდა და აქტიური ცხოვრების გზა არ მიატოვა.
პედაგოგი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, – ეს ის სფეროებია, რომელშიც ლია ჩლაჩიძემ სხვადასხვა დროს მოსინჯა საკუთარი ძალები და უნარები.
“პედაგოგად 25 წელი ვიმუშავე. მაშინ ვფიქრობდი, სკოლის იქით სამყარო არ არსებობდა. როდესაც სკოლას თავი დავანებე, მივხდი, რომ არსებობს სხვა სფეროებიც, სადაც შეიძლება ქალმა იმუშაოს”.
ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო – საპროცედურო კომისიასაც ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ სანამ პოლიტიკაში ჩაებმებოდა, ბევრ სფეროში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები. პირველი – სოფელ ვანათის სკოლა იყო. იქ მუშაობა 1974 წელს დაიწყო.
“ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე და დავიწყე მუშაობა ვანათის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. ეს იყო მე – 10 კლასი, თითქმის ჩემი თანატოლები სწავლობდნენ. ჩამომიყალიბდა მათთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა. ახალგაზრდა პედაგოგი იყო მათთვის ახალი ხილი, სხვანაირი შეხედულებებით, სხვანაირი ქცევები, ჩაცმულობის სტილით, შერწყმა მოხდა ჩვენი, მოსწავლე – მასწავლებლის. ძალიან ტკბილად მახსენდება და გული მტკივა იმაზე, რომ ეს სოფელი ოკუპირებულია, ჩვენი არ არის, ის სკოლაც გასწორებულია მიწასთან და დიდი ტკივილი მაქვს ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს ლია.
90 – იანი წლები მისთვის რთული გასახსენებელია. როდესაც ქართულ – ოსური კონფლიქტის დროს ერთ – ერთი პირველი მსხვერპლი მისი მეუღლე იყო. ამბობს, რომ მაშინ, მის საცხოვრებელთან ახლოს, განსაკუთრებით სოხუმის დაცემის შემდეგ, უამრავი დევნილი იყრიდა თავს. მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმე იყო.
“როდესაც 90 – იან წლებში პირველი აფეთქებები დაიწყო ქართულ – ოსურ ურთიერთობებში, პირველი მსხვერპლი ჩემი მეუღლე იყო. როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ძალიან ბევრი ადამიანი, დაღუპულის მშობლები, დევნილი ადამიანები სოხუმიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, თავს იყრიდნენ იქ, სადაც მე ვცხოვრობდი. მათთვის გამოუვალი სიტუაცია იყო შექმნილი”, -იხსენებს ლია.
ლია დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციას “ხსოვნა“ ჩაუდგა სათავეში.
“ორგანიზაცია რუსთავში მდებარეობდა. ჩემს ოჯახს შეექმნა იმის აუცილებლობა, რომ მე დავბრუნებულიყავი სოფელ ერგნეთში, სადაც ახლა ვცხოვრობ, და ფიზიკურად შეწყდა ჩემი საქმიანობა”.
ლია ჩლაჩიძემ არსამთავრობო სექტორში მუშაობის შემდეგ, ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა. თავდაპირველად, ჟურნალ “პრეს – პრემიერში” კონფლიქტის ზონის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
“მე ვიყავი კონფლიქტის ზონის განყოფილების გამგე. ძალიან კარგ საკითხებს ვაშუქებდით ამ ჟურნალში. მაშინ საომარი მოქმედებები არ იყო და ამ ჩვენი ჟურნალით ქართულ – ოსურ ურთიერთობებს ვუკეთებდით ლეგიტიმაციას და პროპაგანდას. შემდეგ, მუშაობა გავაგრძელე ეუთოს ოფისში, ჟურნალისტად. აქ ვმუშაობდი ქართული მხრიდან ჟურნალისტად და ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ გაიარა ყველა იმ ქმედებებმა, რომელიც 2008 წლის ომს უძღოდა წინ. ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა მტრის ხატი, როგორ დავემორჩილეთ პასიურად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი, ეგრედ წოდებული უფროსი ძმის ქმედებებს, რომელიც 2008 წელს ცუდი შედეგით დასრულდა ქართველებისთვის”.
ამბობს, რომ ქალი პოლიტიკაში არის დიდი ტვირთი. თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა იყოს. მიაჩნია, რომ ქალები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი მშვიდობაზე.
“მე მივესალმები ქალების მოსვლას პოლიტიკაში, რადგან ქალებს აქვთ არააგრესიული პოლიტიკა, უფრო ჰუმანური პოლიტიკა და ქალები ორიენტირებულები არიან მშვიდობაზე, არამარტო ოჯახში, არამედ მთელს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან მისაღებია საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა წავიდეს პროგრესის გზით და პროგრესი არის ზუსტად ქალი, პროგრესის საწყისი არის დედა, რომელიც თავისი შვილებისთვის ცდილობს უკეთესი გარემო და სოციუმი შეუქმნას”.
სხვა ადამიანების თანადგომა და დახმარება მისთვის ერთ – ერთი უმთავრესია. ამბობს, რომ თავად დიდი გაჭირვება გამოიარა, თუმცა პრობლემებს გაუმკლავდა.
“38 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე დავრჩი სამი შვილით, რომლებიც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომიწია ყველა საქმის საკუთარ თავზე აღება. არამარტო საოჯახო, არამედ გარეთაც. რამაც არ მომკლა, იმან გამაძლიერა და ამ დროს, ამ სიმწარემ მე მასწავლა ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში – თმენის უნარი. არ შეიძლება ყოველთვის იყო შუბლით გამტანი ყველაფრისა. ჩემი ბუნება ვერ ითმენს იმას, რომ გავატარო იმ ადამიანის გაჭირვება თუ თანადგომა, რომელიც ჩემთან მოდის რაღაცის სათქმელად. ყველას ვუწილადებ ჩემს სითბოს, ჩემს სიყვარულს, მაგრამ ამ დროს მე ძალიან ვითრგუნები, რადგან თითქოს საშრობივით, ისე ვისრუტავ სხვის პრობლემებს, სხვის აურას და მაქვს მე ამის ატანის და თმენის უნარი. ამან გარკვეული იმუნიტეტიც კი გამომიმუშავა”.