გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორისა და ატენის ეპარქიას, ჯუღაშვილის ქუჩაზე მდებარე 203.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 99 წლით სარგებლობის უფლებით გადასცა. ეს ის ფართია, რომლის იჯარით აღებაც ერთ-ერთ ადგილობრივ ბიზნესმენს სურდა, მაგრამ თხოვნა მერიამ არ დაუკმაყოფილა.
2018 წელს გორელმა ბიზნესმენმა, სოსო ბაბაევმა გორის მუნიციპალიტეტს წერილით მიმართა, რომლითაც აღნიშნული ფართის იჯარით ან აუქციონის წესით შესყიდვა მოითხოვა. ბიზნესმენს მიწის ნაკვეთზე საბავშვო სივრცის მოწყობა სურდა.
“ვფიქრობდი, გამეკეთებინა ბავშვთა გასართობი სივრცე. სადაც ჩვენთან მოსული პატარები გახალისდებოდნენ, ხოლო მათი მშობლები ისიამოვნებდნენ აქ ყოფნით”, – ამბობს ის.
2017-2021 წლის მოწვევის საკრებულომ ბაბაევის დადგენილება განიხილა, მაგრამ მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარე, წინა მოწვევაზეც და ახლაც დავით რაზმაძეა, კითხვაზე თუ რატომ მიიღო საკრებულომ ახლა დადებითი დასკვნა, რაზმაძე პასუხობს:
“წინა პროექტთან შედარებით, ეს პროექტი ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი იყო და მხარი დავუჭირეთ”, – ამბობს დავით რაზმაძე.
ბაბაევმა უარი წერილობით შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციიდან მიიღო, სადაც იყო განმარტება, რომ ეს ტერიტორია არის მწვანე ზოლი, ასევე აქვს ისტორიული მნიშვნელობა და მისი იჯარით გაცემა ან აუქციონის წესით გაყიდვა, დაუშვებელია.
“შევიტანე განცხადება მერიაში, მაგრამ მომივიდა უარი, რომ ეს არის ისტორიული ადგილი, მწვანე ზოლი და ამის გასხვისება არ შეიძლება. რახან ასე ჩაწერეს დოკუმენტში, ვიფიქრე, რომ ამ ამბის გაგრძელება აღარ ღირდა, მაგრამ ახლა ვიგებ, რომ ეპარქიას გადასცეს, სრულიად უსასყიდლოთდდ 99 წლით”, – ამბობს სოსო ბაბაევი.
ბაბაევი ფიქრობს, რომ მისი პროექტი პოლიტიკური ნიშნით დაიწუნეს და მხოლოდ იმიტომ არ მისცეს აღნიშნული ფართი, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ არის.
“მე არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ვარ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. არ ვუჭერ მხარს მმართველ პარტიას და შესაბამისად, სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ მიწის ნაკვეთი არ გადმომცეს არანაირი ფორმით, ეკლესიას კი სრულიად უფასოდ გადასცეს, – ამბობს ბიზნესმენი.