მეორე დღეა, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკუთარი მოადგილის, თამაზ შიოშვილის კანონდარღვევაზე კომენტარს არ აკეთებთ.
“თუ გადაწყდა კომენტარის გაკეთება, გეტყვით”, – ასეთია მერიის პოზიცია ამ დრომდე.
შეგახსენებთ, რომ თამაზ შიოშვილი მერიის მიღმა, იმ თანამდებობაზეც ფიქსირდება, რომელზე მუშაობის უფლებასაც კანონი უზღუდავს.
კერძოდ, თამაზ შიოშვილი ამ დრომდე იკავებს ა(ა)იპ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას.
“მოზაიკამ” ეს ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში აღმოაჩინა. კერძოდ, 2022 წლის 15 მარტის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ გორის მერის მოადგილე პარალელურად ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის პრეზიდენტიცაა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებს კანონი “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობების და კორუფციის შესახებ”. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი:
“საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში”.
ამ საკითხზე “მოზაიკა” ადამიანის უფლებთა ცენტრის იურისტსაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, თამაზ შიოშვილმა დაარღვია ქვეყანაში მოქმედი კანონი, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს ქმნის.
“თამაზ შიოშვილი, როგორც გორის მერის მოადგილე, არის თანამდებობის პირი და ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა უფლება დარჩენილიყო რომელიმე იურიდიული პირის პრეზიდენტის პოზიციაზე. მას ჰქონდა 10-დღიანი ვადა იმისთვის, რომ პრეზიდენტის პოზიცია დაეტოვებინა, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, კანონის შესაბამისად, მან უნდა დატოვოს გორის მერის მოადგილის თანამდებობა ან პირადი გადაწყვეტილებით ან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გორის მერმა”, – განმარტავს ალექსი მერებაშვილი.
ინფორმაციისთვის, თამაზ შიოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს კანონის “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობების და კორუფციის შესახებ” მე-16 მუხლი.