სტატიები

თამაზ შიოშვილი უნდა დაისაჯოს, კანონის შესაბამისად – ოპოზიცია

გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, კანონდარღვევის გამო, თამაზ შიოშვილმა გორის მერის მოადგილის თანამდებობა უნდა დატოვოს. 

პარტიის “საქართველოსთვის” დეპუტატი მამუკა ფანიაშბილი ამბობს, რომ კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. 

“მეც მქონდა ინფორმაცია, რომ თამაზ შიოშვილი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ სპორტულ ფედერაციას. ბუნებრივია მას უნდა დაეტოვებინა ერთ-ერთი პოზიცია. თუ არ დატოვა და ორივეგან აგრძელებს მუშაობას, ითვლება კანონის დამრღვევად და უნდა გავრცელდეს მასზე შესაბამისი სანქცია”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

“ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს, უნდა დაისაჯოს ამ კანონის შესაბამისად. იქნება ეს სამსახურიდან განთავისუფლება თუ ჯარიმა. ყველანაირი გამონაკლისის გარეშე”, – ამბობს მერაბ გოხელაშვილი

ინფორმაციისთვის, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის, 2022 წლის 15 მარტის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ გორის მერის მოადგილე პარალელურად ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის პრეზიდენტიცაა, რითაც საქართველოში მოქმედი კანონის “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობების და კორუფციის შესახებ” მე-13 მუხლს არღვევს. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ თუ იგი დარჩება გორის მერის მოადგილის თანამდებობაზე, პარტია საკითხის გამოძიებისთვის შესაბამისს უწყებებს მიმართავს.

“ჩვენი პარტია მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ თამაზ შიოშვილმა დატოვოს თანამდებობა და ამ ადამიანზე გავრცელდეს ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონი, რაც პირდაპირ, საჯარო მოხელეს ავალდებულებს რომ ალტერნატიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტით და მოხდეს ამ ადამიანზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება”, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ამ საკითხზე, მეორე დღეა, კომენტარს არ აკეთებს გორის მერი.

ამავე თემაზე: “კანონის თანახმად, შიოშვილმა გორის მერის მოადგილის თანამდებობა უნდა დატოვოს”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.