ახალი ამბები

გორის საცხოვრისში ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება / ვიდეო

საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება.

“შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა.”

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ობიექტში უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობებია, რაც ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ შენობის  ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის.

“მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ.”

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას – მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები