ავტორი: ირინა გელაშვილი, პარტია "საქართველოსთვის"
როგორც პოლიტიკაში მყოფი ქალი, ვირჩევ ევროპულ ღირებულებებს იმისთვის, რომ ქალები, ვისაც პოლიტიკაში ჩართვის სურვილი აქვთ, ან მომავალში ექნებათ, არ შეეჯახონ პრობლემებს და არ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი.
რა საფრთხის წინაშე დავდგებით, თუ არ გავხდით ევროკავშირის წევრი?
თუ არ გავხდით ევროკავშირის წევრი, მაშინ ვდგებით საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე დამპყრობელი რუსეთია, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა დამატებით განმარტებას აღარ საჭიროებს.
რა სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა?
ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა. ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც 2008 წლიდან დღემდე, მუშაობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს და საკუთარი წვლილი შეაქვს კონფლიქტის დარეგულირებაში.
ევროპა ჩვენი შრომის ღირსეული დაფასებაა, ჩვენი შვილების განათლება და ჩვენი მოხუცების დამსახურებული პენსია და ღირსეული სიბერეა.
ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრები, მეზობლები ევროპაში კი აღარ წავლენ და მონატრებაში გაატარებენ წლებს, პირიქით, დაბრუნდებიან ოჯახებში. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში გვექნება ევროპა. ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციებით და ჩვენი სარწმუნოებით დავბრუნდეთ შინ, ევროპაში.
თუ გვსურს შვილების ღირსეული მომავალი, ღირსეული სიბერე, ღირსეული შრომის ანაზღაურება და რაც უმთავრესია, ჯანმრთელობა, თუ გვსურს მშვიდობა, სამართალი და ადამიანის უფლებების გარანტირებული დაცვა, ე.ი. ვირჩევთ ევროპას.
ევროპა ხომ ეს სიკეთეებია!
ევროპა ჩვენი წინაპრების გზაა!
ჩვენთვის ევროპული ღირებულებები და საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივო მოცემულობაა. ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და ამ პროცესს ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოსთვის!