ადამიანები ისტორიები

გარდაიცვალა მწვრთნელი, რომელმაც არაერთი ჩემპიონი გამოზარდა – გურამ პაპიტაშვილის ისტორია

88 წლის ასაკში გარდაიცვალა გურამ პაპიტაშვილი – მწვრთნელი, რომელმაც არაერთი ჩემპიონი გამოზარდა.

“მოზაიკა” გთავაზობთ მის ისტორიას, რომელიც მის სიცოცხლეში, მასთან ინტერვიუს საფუძველზე მოვამზადეთ.


დამსახურებული მწრთვნელი ძიუდოში გურამ პაპიტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში 1934 წელს დაიბადა. პაპიტაშვილმა 1952 წლიდან, გორის უმაღლეს სასწვლებელში სწავლის დროს მუშაობა სპორტულ სკოლაში დაიწყო.

“მესამე კურსზე ვიყავი, სპორტულ სკოლაში დავიწყე მუშაობა პედაგოგად. ჩემმა დეკანმა კათედრის გამგეს მისცა მითითება, რომ დავეტოვებინე ინსტიტუტში მწვრთნელად. დავიწყე სტუდენტების წვრთნა. ერთ დღესაც დეკანმა დამიბარა და მითხრა, ვიცი შენი შესაძლებლობები, უნარები, მინდა შენით გავაცნოთ მსოფლიოს გორის პედაგოგიური ინსტიტუტი, როგორც სპორტული ოჯახიო“, – იხსენებდა გურამ პაპიტაშვილი.

1965 წელს ჩატარებული კოლეეგიის სხდომაზე საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრების ჩამოყალიბება გადაწყდა. კოლეეგიის მიერ არჩეულმა ხელმძღვანელმა გუნდის მწრთვნელობა გურამ პაპიტაშვილს გადააბარა.

“კოლეგიამ ხელმძღვანელად დაამტკიცა ევგენი მიხაილოვიჩი. ეს კაცი ადგა, მადლობა უთხრა კოლეგიას და თქვა, მე მინდა რომ ამ ნაკრების გუნდის წევრი მე კი არა, გურამი იყოს პაპიტაშვილიო, მაგისი ბავშვები უფრო მეტია საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ვიდრე ჩემი ან სხვისიო. სხვა აზრი არავის გამოუთქვამს. ამ ნაკრებთან ვიმუშავე მრავალი ათეული წელი.”

პაპიტაშვილმა არაერთ წარმატებულ ძიუდოისტთან იმუშავა. მასთან ვარჯიშობდნენ ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური და სხვა.

“პირველად, ევროპის ჩემპიონი გახდა ჩემი მოსწავლე ანზორ ქიბროწაშვილი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა შოთა ჩოჩიშვილი. საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პირველი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი თემურ ხუბულური. ამ პირველმა თაობამ მისცა სტიმული შემდგომ თაობას, რომ მეტი ჩაბმულიყო, მეტი ინტერესი გაეჩინათ მომავალი თაობისთვის.“

გურამ პაპიტაშვილი იხსენებდა, რომ გორში 18 საერთაშორისო შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილოებდა ევროპის ყველა ქვეყანა, ასევე, კორეა და იაპონია.

“სტუდენტები გადმოდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან, იმის გამო, რომ ჩვენს გუნდში ყოფილიყვნენ და ევარჯიშათ დაოსტატებულიყვნენ და მეტი ეთქვათ ქართულ ჭიდაობაში.“

გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზის მშენებლობა 1966 წელს დაიწყო. დღეს დარბაზში 350 ბავშვი და 8 მწრთვნელია.

“ჩემი სახელობის დარბაზი გარკვეულ პასუხისმგებლობებს მაკისრებს. კულტურა უნდა იყოს, დისციპლინა. მკაცრი პედაგოგი არ ვარ, ბავშვმა თუ შეგატყო, რომ მზრუნველი ხარ, მას ერიდება და უყვარხარ. ჩემს მეცადინეობაზე ვერავინ დააგვიანებდა. რაც შეეხება ახალ თაობას, ძალიან კარგი ბიჭები გვყავს. სპორტსმენს გარდა სიძლიერისა, უნდა ჰქონდეს კულტურა და დისციპლინა, უყვარდეს შრომა და დაუფასდებათ, როგორც უფასდება ლაშას, ბექას, ვაჟას, კიდევ სხვას და სხვას, რომლებიც მომავალში აუცილებლად ბევრჯერ ასახელებენ გორის სპორტულ სკოლას.“

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.