სტატიები

რატომ გააუქმა ქარელის მერმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და რას დაპირდა ყოფილ თანამშრომლებს?

ქარელის მერიამ მის მიერ დაფუძნებული მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრი გააუქმა. ამის მიზეზად კი სახელმწიფო აუდიტის დასკვნა დაასახელა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცენტრის გაუქმება არაკანონიერად მოხდა და ის ქარელში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

“დასკვნა ეხებოდა, ზოგადად “გაბერილ” ა(ა)იპ -ებს. იქ კონკრეტულად ამ ცენტრზე საუბარი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქარელში გაუქმდა აღნიშნული ცენტრი, სხვა მუნიციპალიტეტებში ასე არ მომხდარა”, – ამბობს ვასიკო ბაქრაძე, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი ქარელის საკრებულოში.

ვასიკო ბაქრაძის თქმით, ცენტრის გაუქმებას ხელი შეუწყო მერიის იურიდიულმა სამსახურმა და მერის დავალება შეასრულა.

“ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კანონის ფარგლებში, ეს არ შეიძლებოდა. საჭირო იყო ამ ცენტრის არსებობა ქარელისთვის ,ახალგაზრდობისთვის, მაგრამ შეასრულეს მერის დაკვეთა. იმოქმედეს არა კანონის შესაბამისად, არამედ დაკვეთის შესაბამისად. წლების განმავლობაში, ვიყავი კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი და ყველაზე კარგად მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ცენტრი ქალაქისთვის”, – ამბობს ბაქრაძე.

ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის გაუქმების შემდეგ, 6 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ერთ-ერთი თანამშრომლის, ნელი ახალკაცის თქმით, მათ შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოსაც მიმართეს.

“სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, მაგრამ უკან გამოვიტანეთ, რადგან შედგა კომისია, სადაც მერი, ზაზა გულიაშვილი დაგვპირდა, რომ დაგვასაქმებდა, მაგრამ დღემდე არავინ დაგვკავშირებია. ამ საქმეში სახალხო დამცველიც ჩართულია და საქმის მოკვლევა მიმდინარეობს”, – გვითხრა ნელი ახალკაცმა.

ინფორმაციისთვის, მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრი ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა. გათავისუფლებული თანამშრომლები რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მათი თქმით, ზაზა გულიაშვილმა საკრებულოზე განხილვის გარეშე დახურა ცენტრი, რადგან არ სურდა, რომ იქ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ემუშავათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი