ხაშურში მარი კიკნაძის 3D ტორტების შესახებ თითქმის ყველამ იცის. სახლში მოწყობილ საკონდიტროში შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ნიმუშები იქმნება. მან კონდიტერის საქმიანობა დამოუკიდებლად შეისწავლა და როგორც ხაშურს, ასევე სხვა ქალაქებსაც გააცნო საკუთარი ნამუშევრები.
“მხოლოდ იმიტომ დავიწყე ტორტების ცხობა, რომ შემოსავალი მქონოდა. პატარა მყავდა 2 წლის და მასთან ერთად ვაკეთებდი ტორტებს. ნელ-ნელა გახდა მოთხოვნადი. არანაირი კურსები და არანაირი განათლება არ მიმიღია ამ მიმარულებით. ყველაფერს ჩემით ვსწავლობ. როდესაც უცხოურ საიტებზე ამდენ მრავალფეროვნებას ვხედავდი, არ მესმოდა უბრალოდ მარწყვებიან ტორტზე როგორ უნდა გავჩერებულიყავი”, – ამბობს მარი.
მარიმ ტკბილეულის ცხობა პატარა ასაკიდან დაიწყო. გვიყვება, რომ საკუთარი იმპროვიზაციით, ბავშვობაში ხშირად აცხობდა ნამცხვრებს და ტორტებს.
“გენში მაქვს ხატვის და ძერწვის ნიჭი, დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც, მაგრამ ამას არ ვაქცევდი ყურადღება, რადგან არ იყო ეს მაშინ დაფასებული და სწორედ ესა მიზეზი, რომ ეკონომიურზე ვსწავლობდი. ტორტებზე რომ დავიწყე ხატვა და ძერწვა, ხალხიც დაინტერესდა და მოვედი აქამდე”, – გვიყვება მარი.
ამბობს, რომ კონდიტერია მრავალფეროვანია და თუ რისკი არ გიყვარს, ვერ განვითარდები. მარი გამორჩეულ ნამუშევრებზეც გვესაუბრება. გვითხრა, რომ როდესაც ტორტს უკვეთავენ, მისთვის მნიშვნელოვანია თემატური დატვირთვა ჰქონდეს.
“ჩემი ფავორიტია ტახის ფორმის ტორტი, რომელიც ჩემ მონადირე მეგობარს ვაჩუქე. ტახი არ ჰყავს მოკლული და ეს იყო სიმბოლური. ყველას ერიდება ტორტის დაჭრას და ამან პირიქით ხელი არავის დაგვადებინა, მე თვითონ უნდა დავკლაო. ასევე იყო პელმენი ქოთანში, რომელიც პირველი პაემანის მოსაგონარი იყო. ცოლ-ქმარი აღნიშნავდა ქორწინების წლისთავს, რომლებმაც პირველ პაემანზე პელმენი მიირთვეს. მისმა მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყეს და ტორტი აჩუქეს “პელმენი ქოთანში”, – გვიყვება ის
მარიამის ნამუშვრებს, როგორც დამკვეთები, ასევე ოჯახის წევრებიც დიდი მოლოდინით ელოდებიან.
“ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ დღესასწაულებზე მე რაიმე უცნაური ფორმის ტორტს ვაკეთებ, დედას მივართვი ყავის ტომარა, რომელიც გიჟდება ყავაზე. ასევე, ჩემ მულს უყვარს და ჯეზვე გავუკეთე…”.
მარიამს შემოთავაზებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და კომპანიებიდან აქვს, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს, რადგან ფიქრობს, რომ დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობა შემოქმედებით ზრდაში შეუშლის ხელს.