გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს წყალი ხარვეზით მიეწოდება.
“ვცდილობთ, გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს პრობლემა, მაგრამ არავინ არაფერს გვიხსნის”, – გვითხრეს ადგილობრივებმა.
მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კორპუსს წყლის მიწოდება უწყდება.
“ზოგადად ეს პრობლემა წლებია, რაც ამ დასახლებაში არსებობს. პირველ და მეორე სართულებზე წყალი ხანდახან მოდის ნორმალურად, ისიც ხელოვნური ჭავლის დახმარებით, ზედა სართულები კი ფაქტობრივად უწყლოდ ვცხოვრობთ.”, – გვითხრა თემო ვანიშვილმა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახების ნაწილმა პრობლემის მოგვარება წყლის მოტორის დამონტაჟებით სცადა, თუმცა ბოლო ათი დღეა, წყალს ვერც ჭავლის დახმარებით იღებენ.
“პრაქტიკულად, წყალი ხელოვნური ჭავლის გარეშე არასდროს მოდის. წყლის მოტორი დაამონტაჯა რამდენიმე ოჯახმა, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ბოლო დღეები, მათაც არ აქვთ წყალი”, – ამბობს ნათია ჩიქობავა.
როგორს ისინი “მოზაიკასთან” ამბობენ, პრობლემის მოგვარება არაერთხელ სთხოვეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ვითარება ვერ გამოასწორეს.
“მივმართეთ, თუმცა ვისაც არ უნდა მივმართოთ, ყველა სხვა უწყებასთან გვამისამართებს.”