ახალი ამბები

თბილისსა და შიდა ქართლში ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე. 

“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ჯამში ამოღებულია 33 შეკვრა “კოკაინი”, 155 გრამი “მეტადონი”, 85 გრამზე მეტი “ჰეროინი”, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზი”, 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ“, 295 აბი “სუბუტექსი”, 1040 აბი “ოქსიკოდონი” და 690 აბი “ლირიკა”.

დანაშაულები 8- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები