სტატიები

ვინ რას ფიქრობს ღარიბაშვილის გადადგომის და ქვეყნის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაზე?

24 ივნისს, თბილისში გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე “შინ ევროპისკენ” ორი მოთხოვნა გაჟღერდა – გადადგეს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შეწყდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია. მოთხოვნების შესასრულებლად აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ერთი კვირა მისცეს და მორიგი საპროტესტო აქცია 3 ივლისისთვის დაგეგმეს.

აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს გორში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, აქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, მოთხოვნების მიზანი კი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და პოლარიზაციის გამწვავებაა. 

სიმონ გულედანი, შიდა ქართლის გუნერნატორის მოვალეობის შემსრულებელი:

“ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს არაჩვეულებრივად, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე და მათ ინტერესებს იცავს და მშვიდობაზე ზრუნავს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ძალიან ბევრი საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული და ძალიან ბევრს გააკეთებს კიდევ, დარწმუნებულო ვარ.”

დავით რაზმაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე

“ეს არის გაუნათლებელი ხალხის მოთხოვნა, ვინც მაგას ამბობს. ბიძინა ივანიშვილს რაც ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული, არავის არა აქვს გაკეთებული, კულტურაში, ხელოვნებაში, სტუდენტების დაფინანსებაში, სპორტსმენები და მსახიობები… კაცი წავიდა პოლიტიკიდან, ესენი მაინც იძახიან, რომ ბიძინას აქვს შეხება. ეს არის არასერიუზული და გაუნათლებელი ხალხის მოთხოვნა. როცა ერთ მილიონ ადამიანს ჰყავს პარლამენტში უმრავლესობა, მაქარაშვილებისა და დანარჩენების გადასაწყვეტი არ არის. რასაც ითხოვს ევროკავშირი, ეგ გასაკეთებელია და გაკეთდება წლის ბოლომდე.”

თამარ მურალოვა, გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

“ჩემთვის გაუგებარია, რა უნდა ოპოზიციას, მთავრობის გადაგდება, თუ ევროკავშირში შესვლა? ჯერ ამაზე შეჯერდნენ და მერე შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან თავიანთი სათქმელი. ამ აქციებზე ხალხის ნების გაჟღერებას ვერ ვხედავ, ქართველ ხალხს სურს ევროპა.

თამაზ შიოშვილი, გორის მერის მოადგილე

“ოპოზიციის განცხადებებს სერიოზულად არ ვუყურებ. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”, ოლიქარგები თავის მხარეს მოიკითხონ ოპოზიციაში. თავისი ოლიგარქებიდან დაიწყონ, როგორიცაა გიული ალასანია, კობა ნაყოფია, დავით კეზერაშვილი. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არასოდეს ყოფილა, მოვიდა ბიზნესიდან და იმხელა ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, რომ სხვა ამას ვერავინ გააკეთებდა. ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად ქვეყანაში და ამ გეგმას მივყვებით.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.