“ყველგან დავაყენებთ. გაფუჭდება და კიდევ ხელმეორედ დავაყენებთ”, – ასე უპასუხა ქარელის მერიის წარმომადგენელმა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელიც სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის წინ “მწოლიარე პოლიციელების” მოწყობას ითხოვდა.
“ქარელის სოფელ გვერძინეთში, მოსახლეობა სკოლის წინ “მწოლიარე პოლიციელების” მოწყობას ითხოვს, მე საკრებულოს წერილობითაც მივმართე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია”, – თქვა საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის წევრმა, მარიამ ქელექსაშვილმა.
რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს საკითხი მერთან უკვე განხილული ჰქონდა.
“საქმის კურსში ვართ და ვისმჯელეთ კიდეც მე და მერმა, ზაზა გულიაშვილმა. სამსჯელო იყო, როდის ჯობდა სკოლასთან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის გაკეთება, ახლა თუ სწავლის დაწყების წინ. მოგეხსენებათ, რომ გვერძინეთში დიდი ზომის ტყის ავტომობილები ხშირად გადადგილდებიან, რაც მათ სწრაფ დაზიანებას გამოიწვევს”, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძემ.
ქარელის მერიის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ “მწოლიარე პოლიციელების” მოსაწყობად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
“ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სოფელ გვერძინეთშიც და სახვაგანაც სადაც ეს სიჩქარის შემზღუდველები არ არის, ყველგან დავაყენებთ. გაფუჭდება და კიდევ ხელმეორედ დავაყენებთ, ამის რესურსი გვაქვს”, – განმარტა ალექსი ჯოჯიშვილმა, ქარელის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა.