ადამიანები ისტორიები

10-15 ლარზეც გვიმუშავია – როგორ გაძლო ხაშურის თოჯინების თეატრმა 30 წელი

“მინდოდა შემექმნა ისეთი კოლექტივი, რომელებიც საქმეზე იქნებოდნენ შეყვარებულები. მიხარია, რომ ზუსტად ასეთი ხალხი შევკრიბე, მათ ყოველგვარი ხელფასის და ანაზღაურების გარეშე იმუშავეს და შევქმენით თოჯინების თეატრი”, 

ხაშურის თოჯინების სახალხო თეატრი არსებობას 1991 წლიდან იწყებს. თეატრი ფუნქციურია დღესაც და მისი ახალი ისტორიის დაწყება გია ბოლოკაძეს უკავშირდება, რომელიც კულტურის სახლს ხელმძღვანელობს.

“2013 წელს ჩემი მეგობრის დახმარებით და ხელშეწყობით 100-კაციანი დარბაზი მოვაწყეთ, მანამდე სივრცე 58 მაყურებელს იტევდა.ახლა გვაქვს საოცარი გარემო, რომელსაც თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა, რადგან ეგონათ, რომ ვერ შევძლებდით, მაგრამ ეს გამოვიდა. უდიდესი ადამიანური რესურსია ჩადებული ამ საქმეში, იმ წლებში ვმუშაობდით 10 – 15 ლარზე, ჩვენ ვართ ენთუზიასტები, რა ფული და რა ხელფასი, როდესაც ბავშვების სიყვარულზეა ლაპარაკი”, – ამბობს გია ბოლოკაძე.

თეატრს ახლა 10 მსახიობი ჰყავს. სპექტაკლების გარდა, მსახიობები თოჯინების დამზადებაშიც მონაწილეობენენ. ყველა გმირი, თეატრის სახელოსნოში იქმნება.

“თეატრს აქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც მზადდება დეკორაციები და თოჯინები. ამაში ჩართულები ვართ მსახიობებიც, მაგალითად, ჩვენი მსახიობი გიორგი სუხიაშვილი ხატავს თოჯინების სახეებს. ყველა თოჯინას სჭირდება ხასიათი. გვყვავს მკერავიც, რომელიც თოჯინებს კერავს. ზოგადად კი, თითოეული თოჯინის შექმნაში ოთხი-ხუთი კაცი ვართ ჩართული”, – ამბობს ხელმძღვანელი.

დასს არც პანდემიის პერიოდში შეუწყვიტავს მუშაობა. ისინი დისტანციურად მონაწილეობდნენ კონკურსებში. ერთ-ერთი ასეთია ფესტივალი “ფერადი ზამთარი”, რომელშიც თეატრის დასმა გაიმარჯვა. თეატრი ყოველწლიურად ზაფხულის საკურორტო სეზონზე მართავს წარმოდგენებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

“ქალაქისთვის გაუზომელი ფასი აქვს ჩვენს თეატრს. უდიდეს ძალას, ენერგიას და ინტელექტს აძლევს თოჯინების თეატრი მომავალ თაობას. უნდა ნახოთ ბავშვების სახე, როდესაც სპექტაკლს უყურებენ. ყველა წარმოდგენას ვესწრები, მაინტერესებს მათი ემოციები, თუ ბავშვი ხმაურობს, ესე იგი მას რაღაც არ მოწონს და ჩვენც ვცდილობთ გამოვასწოროთ”, – ამბობს ბოლოკაძე.

თეატრს მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის, ქვემო ჭალის, გურჯაანის, ბორჯომის, ბათუმისა და ქობულეთის რესპუბლიკურ ფესტივალებზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.