ბლოგები

რა სასარგებლო თვისებები აქვს ფუტკრის რძეს?

ავტორი: დავით ბზიშვილი

ჩემს ინტერესს ყოველთვის იწვევდა მეფუტკრეობა. 5 წლის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი და რამდენიმე საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ასე მოვიპოვე ფუტკრის 10 ოჯახი,. ამ ეტაპისთვის მაქვს ორი საფუტკრე მეურნეობა – ზამთრის პირობებისთვის ბარში, სოფელ ატენში და ზაფხულში მაღალმთიან/ალპურ ზონაში, თრიალეთის ქედზე მდინარე თეძამის ხეობაში.

ფუტკრების დახმარებით,  შესაძლებელია არაერთი პროდუქტის მიღება როგორიცაა: ყვავილების მტვერი, ჭეო (ფუტკრის პური), პროპოლისი (დინდგელი), მამალი ფუტკრის რძე (ჰომოგენატი), თაფლი, ცვილი და სადედე რძე (სამეფო ჟელე). ამ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებ ფუტკრის სადედე რძის წარმოებაზე და მის სასარგებლო თვისებებზე

სადედე ფუტკრის რძე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ჰორმონებს (მხოლოდ ფუტკრის რძე შეიცავს იუვენალურ ჰორმონს), ორგანულ მჟავებს და სხვა. წარსულში სადედე ფუტკრის რძე ითვლებოდა სამეფოს რჩეულ წარმომადგენელთა საკვებად და ამიტომ მას „სამეფო ჟელეს“ უწოდებდნენ.

სადედე ფუტკრის რძის მეცნიერული შესწავლა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, დღესაც გრძელდება და თანდათან მეტ აქტუალობას იძენს.

  • 1. მასში აღმოჩენილია 21 ამინომჟავა, მათ შორის 10 მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეშია. მის შემადგენლობაშია წყალი – 60-70%, ცილები – 14-18%, შაქრები – 12%, ცხიმები – 1,7-5,7%, ნაცარი – 1%, სხვა ნივთიერებები 3,5%.
  • 2. მასში აღმოჩენილია თითქმის ყველა სახის ვიტამინი (B1, B2, B5, B6, B12, C, D, A, E, PP).
  • მასში აღმოჩენილია 300-მდე მიკროელემენტი, მათ შორის საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის.
  • 3. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – საერთო რაოდენობით 3,9%.

თანამედროვე მედიცინისთვის ცნობილია სადედე რძის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში – იგი ახდენს სისხლძარღვთა გაფართოებას, არტერიული წნევის რეგულირებას, მაღლა წევს დაბალ წნევას, ახდენს ანტისპაზმურ მოქმედებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, აჩქარებს ბავშვებში ზრდის პროცესს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ზრდას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას.

ფუტკრის რძე გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების, გინეკოლოგიური დაავადებების, უშვილობის, კლიმაქსური სინდრომის, იმპოტენციის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, ქრონიკული პროსტატის, გულის ასთმის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბუასილის, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსიის, ალკოჰოლიზმის, ნერვული სისტემის დაავადების, თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ. ტოქსიკური ნივთიერების და რადიაქტიური მოქმედების დროს, ხელს უწყობს სისხლის განახლების პროცესს.

სადედე რძის 1:100-დან 1:1000-მდე მასალით გაზავებული წყალი სპობს 15 სახეობის ბაქტერიას, გრიპის ვირუსებს, სოკოებს. დადგენილია, რომ 1-2 დღის ჭიის უჯრედიდან ამოღებული რძე კლავს ამერიკული სიდამპლის გამომწვევ ბაცილას და სტრეპტოკოკებს.

ღალიანობის სეზონის განმავლობაში ერთი ფუტკრის ოჯახიდან შეიძლება 0,5 კგ. რძის მიღება.

P.S. უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება ფუტკრის რძის გამოყენება მწვავე ინფექციის, თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებისა და ალერგიით დასნებოვნების დროს. ასეთი სიფრთხილე საჭიროა რძის მაღალი აქტიურობის გამო.

დატოვეთ კომენტარი