ავტორი: ანა დავითიძე
ქარელში დავაარსე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კერძო კლინიკა (Ana Davitidze’s Dental Clinic).პარალელურად ვმუშაობ გორში, საზოგადოებრივ კოლეჯში “ამაგი’’.
პაციენტები ხშირად მოგვმართავენ მრავლობითი კარიესული დეფექტებით, რისი გამომწვევი მიზეზიც მათთვის უცნობია. კარიესის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომელთა ურთიერთქმედებაც განაპირობებს დემინერალიზაციის კერის წამოქმნას. ეს ფაქტორებია:
- კვების ხასიათი (ნახშირწყლების არსებობა)
- კვების რეჟიმი
- ნერწყვდენის რაოდენობა და ხარისხი
- ორგანიზმში ფტორის რაოდენობა
- ორგანიზმზე მოქმედი ექსტრემალური ფაქტორები (დასხივება და ა.შ.)
აქედან გამომდინარე, კარიესი არის მრავალ ფაქტორიანი პროცესი. კარიესის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაცია უნდა გაეწიოს პირის ღრუს ჰიგიენის გულდასმით დაცვას, ასევე ადვილად ფერმენტირებადი ნახშირწყლების მიღების შემცირებას და ფტორის შემცველი პრეპარატების დანიშვნას.
ექიმმა პაციენტს უნდა აუხსნას პირის ღრუს ადეკვატური,ყოველდღიური, ინდივიდუალური ჰიგიენის წესები და მოახერხოს მისი მოტივირება ამ წესების რეგულარული დაცვისათვის. ინდივიდუალური ჰიგიენის ჩატარება უნდა მოხდეს, როგორც ჰიგიენის ძირითადი საშუალებების (კბილის პასტა და ჯაგრისი), ასევე დამხმარე (სავლები, ფლოსი, ინტერდენტალური ჯაგრისი, ირიგატორი და სხვა.) საშუალებების გამოყენებით.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის დროს:
- 1.ერთი და იგივე კბილის ჯაგრისის დიდხანს გამოყენება (მაქსიმალური ვადაა სამი თვე. ბრონქების და ფილტევბის დაავადებებისას – სამი კვირა)
- 2. ერთი და იგივე კბილის პასტის ხანგრძლივად გამოყენება (რათა არ მოხდეს პირის ღრუს მიკროფლორის მასთან ადაპტაცია).
- 3. კბილის პასტის მოთავსება სველ ჯაგრისზე (სისველე ხსნის სამკურნალო მარილებს და თერაპიული ეფექტი არ მიიღწევა).
- 4. კბილების გახეხვის პროცედურისთვის მცირე დროის დათმობა (წესით უნდა გრძელდეოდეს სამი წუთი).
ფორმალური, განურჩეველი დამოკიდებულება პირის ღრუს ჰიგიენის წესებისა და საშუალებების მიმართ უაღრესად მავნეა. ამის შედეგად, მატულობს პირის ღრუს და არა მარტო პირის ღრუს დაავადებები. ძალიან ხშირად ადამიანები არც კი უფიქრდებიან იმას,რომ პირის ღრუს ჰიგიენის წესების უარყოფით ისინი უდიდეს ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.
ექიმს აკისრია უდიდესი მისია პაციენტი დაარწმუნოს და მისცეს სწორი რჩევები სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია. სიჯანსაღე პირის ღრუდან იწყება. გისურვებთ ჯანმრთელობას.