ბლოგები

რატომ მინდა ნიქოზი – თბილისის მატარებლის აღდგენა?

ავტორი: მარიამ შევარდენიძე

ბევრს გაუკვირდება, რატომ შეიძლება, რომ ახალგაზრდა გოგო ნიქოზი-თბილისის ​მატარებელზე ფიქრობდეს და მისი ერთ-ერთი სურვილი თუ მოთხოვნა ამ მატარებლის აღდგენა იყოს, მაგრამ როცა იცი, როგორ ცხოვრობს ხალხი სოფელში და როგორ შრომობს ლუკმა-პურისთვის, თავისთავად იწყებ იმაზე ფიქრს, რა შეცვლიდა მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ. 

ნიქოზის შემთხვევაში, იქაურების ცხოვრებას ბევრად უკეთესს გახდიდა ნიქოზი-მატარებლის აღდგენა, რომელმაც პანდემიის დროს  შეაჩერა მუშაობა. 

იქამდე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ამ ხალხისთვის თბილისისკენ მიმავალი მატარებელი ყველაზე მოსახერხებელი საშუალება იყო, რომ ხილი და ბოსტნეული დედაქალაქში ჩაეტანათ და გაეყიდათ. 

ჩემი იქაური მეგობრებისგანაც ვიცი, რომ მათ ოჯახებს ასე დაჰქონდათ მოსავალი თბილისში, რადგან მატარებლით ტრანსპორტირება იაფი უჯდებოდათ. 

“ამ მატარებლით გორის სოფლების მესამედი სარგებლობდაო. გორის სოფლების გარდა, მცხეთისა და კასპის მოსახლეობაც მგზავრობდაო”, – ბევრისგაბ მომისმენია ეს სიტყვები და მჯერა, რომ ასეც იყო, რადგან მგზავრობა 1 ლარი ღირდა და გლეხების გარდა, სტუდენტებიც ხელმისაწვდომი ტარიფი იყო. 

ახლა კი ეს ხალხი ამ იაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტის გარეშეა დარჩენილი. მოჰყავთ მოსავალი და უჭირთ მათი თბილისამდე ჩატანა. აბარებენ უნივერსიტეტებში და მგზავრობის ხარჯი ტვირთად აწვებათ. ბევრი სტუდენტისგან გამიგია, რომ ყოველკვირა მშობლებთან ვერ ჩადის და ასე ცდილობს თანხის დაზოგვას. 

მე მგონია, რომ ამ ხალხს, ვინც სოფელს არ ტოვებს და საოკუპაციო ხაზთან საკუთარ კარ-მიდამოს იცავს, მიხმარება სჭირდება. ნიზოქი-თბილისის მატარებლის აღდგენა კი ალბათ მინიმალურია, რისი გაკეთებაც მათთვისაა შესაძლებელი. 

იმედი მაქვს, რომ ახალი მოსავლის აღებისას და ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, არც ერთ გლეხს და არც ერთ სტუდენტს არ მოუწევს იმაზე დარდი, როგორ წავიდეს ნიქოზიდან თბილისში. 


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი