ანალიტიკა / გამოძიება

ვინ გახდება რეგიონის გუბერნატორი – მოადგილეებს შეთავაზება არ მიუღიათ

20 მაისის შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი ასრულებს. თანამდებობებზე რჩებიან დანარჩენი მოადგილეებიც – აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური. 

“მოზაიკა” გუბერნატორის გადადგომის შემდგომ ვითარებაზე სამივე მათგანს ესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, რეგიონს გუბერნატორი სჭირდება, თუმცა მისი არყოფნის პირობებშიც, ყველა დაწყებული საქმე შეუფერხებლად გრძელდება.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არც ერთი მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. ყველა დაწყებული პროექტი და საქმე გრძელდება”, – გვითხრა სიმონ გულედანმა. 

სამივე მათგანი ამბობს, რომ მომავალი გუბერნატორის ვინაობის და წარდგენის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ასევე ამბობენ, რომ გუბერნატორის პოზიციის დაკავების შეთავაზება ამ დრომდე არც ერთ მათგანს არ მიუღია. 

  • სიმონ გულედანი: მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა
  • თემურ ხუბულური: ჩემთვის მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია
  • აბელ აბესაძე: მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა და ვაგრძელებ მუშაობას რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე

შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებით თუ არა გუბერნატორობას? – ამ კითხვაზე კი, მათი პასუხები ასეთია:

  • სიმონ გულედანი: მე ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და იქ ვიქნები, სადაც დავჭირდები
  • თემურ ხუბულური: ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. პრემიერ მინისტრის წყვეტს და ჩემს სურვილზე, რა მინდა და რა არ მინდა, არ არის დამოკიდებული
  • აბელ აბესაძე: ვარაუდების დონეზე ნუ ვისმჯელებთ. მოვლენებსაც ნუ გავუსწორებთ. ფაქტი ისაა, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. 

ინფორმაციისთვის, ვალერიან მჭედლიძემ გუბერნატორის პოზიცია, პირადი განცხადების საფუძველზე, 20 მაისს დატოვა. 21 მაისს კი, შიდა ქართლში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახალ გუბერნატორს “მალე, თვის ბოლოს” დანიშნავდა. მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და რეგიონი გუბერნატორის გარეშეა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.