ადამიანს, როგორც გონიერ და შემოქმედ არსებას, დაბადებიდანვე უჩნდება რაიმეს შექმნისა და ამ გზით კვალის დატოვების სურვილი, რასაც იგი ახალ აღმოჩენებამდე და პირად შემოქმედებამდე მიჰყავს. ასე დაიწყო მხატვრის თეა ქუტაშვილის ისტორიაც, რომელმაც საკუთარი გრძნობები და ემოციები მხატვრობაში გააერთიანა და ამ გზით 100-ზე მეტი ნამუშევარი 2 წელიწადში დააგროვა.
“ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, რომ მხატვარი გამოვსულიყავი. მე კიდევ სხვა პროფესიაზე ფიქრიც არ მინდოდა, ბავშვობიდან ვხატავდი და მიყვარდა ეს საქმე”, – ამბობს თეა.
თეა საბავშვო ბაღის ასაკიდან ხატავს, პროფესიაც შესაბამისად აირჩია – მხატვარ-დიზაინერის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გახდა. დღეს ის საბავშვო ბაღის მენეჯერია და კასპის ერთ-ერთ სკოლაში ხატვას ასწავლის.
“ზრდასრულ ასაკში ყველა სამსახური, რომელიც მქონდა, ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. 10 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი თექაზე, ყველაფერს ვაკეთებდი, ჩანთებს, ტანსაცმელს, ნახატებსაც კი, ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო და იძულებული ვიყავი მხატვრობა დამევიწყებინა”, – გვიყვება ის.
წლების განმავლობაში ფუნჯებთან და საღებავებთან შეხება არ ჰქონდა, რადგან ამისთვის დროს ვერ პოულობდა.
“მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მხატვრობაში ჩემი თავი დავკარგე”, – ამბობს თეა და საყვარელ საქმეში ხელახლა დაბადების ისტორიას გვიყვება, – “პანდემიამ დამაბრუნა მხატვრობაში. ამ წლების განმავლობაში, უამრავი ემოცია და სათქმელი დამიგროვდა, ამიტომ მოვიმარაგე საჭირო ნივთები და დავიწყე ხატვა. ამ ორ წელში ის შევძელი, რასაც ალბათ მთელი ცხოვრება მოვუნდებოდი, ორ – სამ ნამუშევარს ერთდროულად ვხატავდი”.
სვადასხვა ფერის საღებავები, გაშლილი პალიტრა, სახატავი ფუნჯები, რომლებსაც კონკრეტული ადგილი არ აქვს, თეასთვის იდეალურ სამუშაო გარემოს ქმნის.
“ჩემი სამუშაო კუთხე ყოველთვის არეულია. თუ ავალაგე, შესაძლებელია ვერ შევქმნა ნამუშევარი. მე საღებავებმა უნდა დამიძახოს, რომ მივიდე და დავხატო. დილა ჩემთვის უფრო პროდუქტიულია, დილით ტილოზე ფუნჯის ერთხელ გასმა მაინც თუ მოვახერხე, ეს მთელი დღე მყოფნის. ერთი ნამუშევარი თუ მომბეზრდა, გადავდივარ იმ ნამუშევარზე, რომლის განწყობაც მაქვს”, – ამბობს თეა.
თეამ პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელიც მხატვარმა ასე დაასათაურა “ფერადი ემოციების 2 წელი”.
“ნამუშევრები ჩემს განწყობებზე და შინაგან ემოციებზეა შექმნილი. იყო დეპრესია, სასოწარკვეთა, უიმედობა, მაგრამ ბოლოს მაინც სინათლის სხივი. ამ ემოციებს ნახატიც მივუძღვენი – გოგონა, რომელსაც სასოწარკვეთილი სახე აქვს, მაგრამ ჩანს სინათლე, სხივი, ნამუშევარსაც ასე ჰქვია “იმედის სხივი”.
თეა ქუტაშვილი შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრია, მისი ნამუშევრები შესულია სახელოვნებო წიგნში “ქართლის პალიტრა”.