ბლოგები

რას ნიშნავს ჩემთვის ევროპა?

ავტორი: თამარ ედიშერაშვილი

ევროპის სახელმწიფოები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ყველა ადამიანი არის მიდრეკილი შეცდომისკენ. ამიტომ, ადამიანს მისცეს ადამიანად ყოფნის უფლება და შეცდომას დაარქვეს შეცდომა, რისთვისაც არ ისჯება ადამიანი, ხოლო თაღლითობას – თაღლითობა, რაც დასჯადია. ჩვენ კი პირველივე შეცდომაზე  ვქოლავთ ადამიანს, ვიმწყვდევთ კუთხეში და არ ვაძლევთ გამოსწორების, განვითარების შანსს. ამიტომ მივიღეთ გაჯიუტებული, დაკომპლექსებული და აგრესიული საზოგადოება.

პირველი მიდგომიდან  გამომდინარე, ბელადების, მირონწყალში ამოვლებული ლიდერების ძებნის ნაცვლად, შექმნეს დემოკრატიული სისტემა, რომელიც აიძულებს წესიერსაც და უწესოსაც მოიქცეს კარგად, ეს  არის დაბალანსებული და ურთიერთმაკონტროლებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შედეგი. შესაბამისად, ამ სისტემით მოსახლეობამ, როგორც დამქირავებელმა შეძლო მთავრობის საკუთარ სამსახურში ჩაყენება.

ჩვენ ვეძებთ ბელადს, რომელიც ბევრ ტყუილს დაგვპირდება, ჩვენ წამოვკოტრიალდებით და სანამ კარგად არ გაგვქურდავს, 8-10 წელში ერთხელ ვიღვიძებთ. მერე ვკითხულობთ „რა ემართებათ?“. რა და, უსისტემო, უკონტროლო სისტემა პროვოცირებას უკეთებს ყველას (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და მღვრიე წყალში კარგად თევზაობენ. შემდეგ ხდებიან საკუთარი დანაშაულებების მძევალი და ხელისუფლების ყველა ცვლილება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის.

გამოსავალი ის არის, რომ  ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევცვალოთ სისტემა მრავალპარტიული არჩევნებით, კოალიციური მთავრობით და რეალური თვითმმართველობით, შევქმნათ ბუნებრივი ანტიკორუფციული მექანიზმი. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის თანაბრად გაუმჯობესებას, რევანშიზმის დასრულებას და არჩევნებზე ქვეყნის მომავალზე ფიქრით მისვლას და არა ვინმესთვის ანგარიშის გასაწორებლად. 


სისტემა თავის შიგნით არ გამორიცხავს კონფლიქტებს, და ვინ უნდა გაარჩიოს საქმე, თუ არა ნდობით აღჭურვილმა, დამოუკიდებელმა სასამართლომ. ევროპული სახელმწიფო დგას პიროვნების და სახელმწიფო საკუთრების უფლებებზე. იმის გამო, რომ ჩვენ ეს სიკეთე არ გვაქვს, არ გვენდობა არცერთი ინვესტორი, რომ მის დაბანდებულ ინვესტიციებს არ ექნება  გარანტიები, მაგრამ გარდა ამისა, მივიღეთ უიმედო, ხელჩაქნეული საზოგადოება, რაც ქვეყნისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.

„მე ვინ მკთხავს, არაფერი არ გვეშველება“,ეს ტექსტები წარმოუდგენელია ევროპელისთვის, რადგან მან იცის რომ მსახელმწიფო მას ეკუთვნის და სწორედაც რომ მის უკითხავად არაფერი არ უნდა ხდებოდეს. რატომ? ის ფულს (გადასახდებს )იხდის და ითხოვს კიდეც!

ევროპა ინდივიდების დასახლებაა, ყველა საკუთარ ცხოვრებაზე თვითონ აგებს პასუხს და იძულებულნი არიან განვითარდნენ, ამის დასტურია აქედან წასული ადამიანები, შრომა უნდათ? – პოულობენ სამსახურს, სწავლა უნდათ? – სწავლობენ და იქვე საქმდებიან. აქ კოლექტიური, ჩაკეტილი  წრეების სამყაროა, მე დავარქმევდი ხროვებს, როგორც მგლებს აქვთ. ისინი საკბილოს შიგნით ინაწილებენ და ასევე კოლექტიურად ესხიან სხვას თავს. ამიტომაა, რომ დღეს საკბილო ხელისფლების და მასთან დაახლოებული წრეებისაა, ხოლო სხვებს მხოლოდ კითხვის დასხმისთვისაც კი კოლექტიურად ესხმიან თავს.

ევროპა ჩემთვის ეკონომიკური კეთილდღეობაა. არავის ითხოვს ადამიანისგან იყოს ყველაფერი…

  1. ხელოვანს, სპორტსმენს ყავს თავისი პროდიუსერი, რომელიც ყიდის მათ  ნიჭს, იღებს მომსახურების საფასურს და ხელოვანს არ ჭირდება იმაზე თავის მტვრევა, სად გამართოს კონცერტი;
  2. გლეხს მოყავს მოსავალი და სარეალიზაციო ქსელიდან იღებს შესაბამის ხარისხზე და რაოდენობაზე შეკვეთას (ჩვენთან კი ერთ წელს თუ ნიორი გაძვირდა, მეორე წელს ყველა ნიორს თესავს და აგდებენ ფასს, ანუ ქაოსია);
  3. მეწარმეს აქვს ანალოგიური საბაზრო მოთხოვნის შესაბამისი შეკვეთები და არ არის ჩაწყობილი ტენდერებით ბაზრიდან განდევნილი;
  4. სტუდენტს აქვს სტიპენდია რომ ისწავლოს, და შიმშილისგან თავი როგორ გადაირჩინოს, მაგაზე არ ფიქრობს;
  5. პენსიონერი საერთაშორისო სტანდარტით დაცულია და აქვს მინიმუმ სამომხმარებლო კალათის შესაბამისი პენსია. რაც შეეხება მდიდარ პენსიონერებს, მათ კერძო სადაზღვევო ფონდით შეუძლიათ სიბერე გაილამაზონ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ევროპა არის ადამიანად ყოფნის, ადამიანურად ცხოვრების შანსი, რომელიც უსაქმურობით არ მოდის. ეს არის ყოველდღიური ქმედება, რომელიც გვაძლევს ჩვენი თავის რეალიზაციის შანსს,  სტაბილურ დაცულობას და მატერიალურ მდგომარეობას.

ჩვენ აქამდე ყველაფერი ერთად გვინდოდა და ვღებულობდით არაფერს, რადგან როგორც სახლს სჭირდება ფუნდამენტიდან შენება, ასევეა ქვეყანა. ევროპა მზად არის გვასწავლოს შენება, მზად არის დაგვეხმაროს შენებაში,  ჯერი ჩვენზეა. მაშ, ყველა მივიდეთ 20 ივნისს მიტინგზე და განვაცხადოთ რომ გვაქვს ღირსება და ნება, ვიცხოვროთ ადამიანურად. 

დატოვეთ კომენტარი