ბლოგები

რატომ გვაქვს ქვეყანაში ელექტრო ინჟინერების დეფიციტი?

ავტორი: დიმიტრი ჩიჩუა

ენერგეტიკა და ელექტრო ინჟინერია საკმაოდ ფართო სპექტრის და საპასუხისმგებლო სფეროა. აქ ერთი პატარა შეცდომითაც კი ბევრ ადამიანს შეიძლება შეუქმნა საფრთხე. სწორედ ასეთი შემთხვევების ნახვის შემდეგ, გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა სერვისი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ნებისმიერ შესრულებულ პროექტზე და რომლისთვისაც დაფინანსება USAID-ისგან მივიღეთ. პროექტის განხორციელების დაწყებიდან მალევე კი აღმოვაჩინე, რომ ქვეყანაში ელექტრო ინჟინერების დეფიციტი გვაქვს. 

დავიწყოთ იმით, რომ ხალხმა არ იცის, რას მოიცავს ეს სფერო.

როდესაც გაიგებენ, რომ ვარ ელექტრიკოსი, კითხვის ავტორების დაახლოებით 75%-ისთვის ელექტრობა მხოლოდ ნათურის ანთებასთან ასოცირდება, დანარჩენი 25 პროცენტის გაკვირვებას უმეტესწილად ჩემი ასაკი იწვევს, თითქოს ვერ წარმოუდგენით, როგორ უნდა ვმუშაობდე ახალგაზრდა ადამიანი ელექრიკოსის პოზიციაზე.

ანუ ეს ყველაფერი, რომ შევაჯამოთ, კადრების დეფიციტის მიზეზია ამ სფეროს შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა, რაც თავისთავად ამ პროფესიას არაპოპულარულს ხდის. 

ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა შეუძლია სკოლას, რომელიც დღემდე ისე გვამზადებს უნივერსიტეტისთვის, რომ სტუდენტების უმეტესობამ  ისიც კი არ იცის მიღებულ ცოდნას სად და როგორ გამოიყენებს. 

ამ ყველაფრის შედეგი კი ისაა, რომ  ენერგეტიკაზე აბარებენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ  უფასო ფაკულტეტია. არადა, ეს ის მიმართულებაა, რომელიც რა დროც არ უნდა დადგეს უბრალოდ სახეცვლილი შეიძლება მოგვევლინოს, თუმცა გვერდს ვერავინ ვერ აუვლის, რადგან ყველა ელექტრო ენერგიაზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ მგონია, რომ სკოლებმა უნდა დაიწყონ მოსწავლეებში ინდივიდუალური ინტერესების, შესაძლებლობების ძიება და ამის საფუძველზე, სამომავლო პროფესიის ძიებისას მათთვის რჩევების მიცემა. 

მაგალითად, როცა ხედავ რომ მოსწავლეს ფიზიკა-მათემატიკა უყვარს, აინტერესებდა გამოსდის, ის აუცილებლად უნდა წაიყვანონ ერთხელ მაინც საწარმოში, რათა ნახოს გაჩერებულ საწარმოში დაზიანების მიგნება და მისი აღმოფხვრა რა ემოციებთანაა დაკავშირებული. ეს არასდროს არ დაავიწყდება მას და შეიძლება იმასაც მიხვდეს,  თუ რისი გაკეთება უნდა მომავალში.

რაც შეეხება უნივერსიტეტს, მან ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოხვედრილ სტუდენტებს, პირველი ერთი წელი უნდა აუხსნას, თუ რამხელა მიმართულებაა ზოგადად ელექტრო ინჟინერია. უნდა აჩვენოს სტუდენტებს ვაკანსიები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე ამ მიმართულებით არსებობს და დაანახოს პოტენციალი, რომელიც თითოეულ მათგანს პროფესიონალად ჩამოყალიბების შემთხვევაში წინ ელოდება.

მე ამ ყველაფერში მამაჩემი დამეხმარა, რადგან მამა მთავარი ინჟინერია და ბავშვობიდან ვხედავდი, რამდენად ღრმა და საინტერესო სფერო იყო ეს. 

ბაკალავრის შემდეგ, სწავლაც გავაგრძელე – ამჟამად ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე „მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი“. პარალელურად, ვმუშაობ ჰაიდელბერგ-ბეტონის საწარმოში  ელექტრიკოსის პოზიციაზე და ვახორციელებ პროექტს, რომლითაც  ადამიანებს თუ კომპანიებს ნებისმიერი ტიპის პროექტირებასა და მის უშუალოდ შესრულებას ვთავაზობთ. 

დატოვეთ კომენტარი