ანალიტიკა / გამოძიება

რეორგანიზაცია გორის მერიაში – ოპოზიცია მერისგან პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს 

გორის მერიაში რეორგანიზაციის პროცესის გამოცხადებას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებისგან კრიტიკა და შენიშვნები მოჰყვა. საკრებულოს რიგითი სხდომა აღნიშნული თემის განხილვით დაიწყო. 

“თუ შესაძლებელია, საკრებულოს სახელით მივმართოთ გორის მერს, რომ წარმოგვიდგინოს დეტალური გეგმა, რა სახით აპირებს რეორგანიზაციას, რის საფუძველზე ხდება, კონკრეტული ანალიზის თუ პირადი გრძნობების?”, – განაცხადა ფრაქციის “საქართველოსთვის” წევრმა მამუკა ფანიაშვილმა. 

მისი აზრით, რეორგანიზაციის განხორციელების პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ. 

“ჩვენ ვთლით, რომ ამ საკითხში უნდა ყოფილიყო ჩართული საკრებულოც და პროცესი ყოფილიყო ჯანსაღი. მქონდა მოლოდინი, რომ უფრო ადრე დაიწყებდა რეორგანიზაციის პროცესს და თუ დაიწყებდა, ეს იქნებოდა გამჭვირვალე. გუშინ, შემთხვევით ერთ-ერთი მედიასაშუალებით შევიტყვე, რომ მერს გამოუცია ბრძანება და დაიწყო რეორგანიზაცია. ეს როგორც ჩემთვის, ისე საკრებულოს ყველა წევრისთვის არის საინტერესო და კარგი იქნებოდა იყოს გამჭვირვალე”, – განაცხადა ფანიაშვილმა. 

ფანიაშვილის მსგავსად შენიშვნები ჰქონდათ ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსაც. ანი ბალიაშვილის თქმით, გორის მერიამ რეორგანიზაცია 2016 წელსაც განახორციელა, თუმცა ნაცვლად ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა, გაზარდა ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ისეთი კადრები დაასაქმა, რომლებმაც საკუთარი მოვალეობებიც არ იციან. 

“ამის შესახებ “მოზაიკას” ჰქონდა ძალიან კარგი კვლევა, თანამშრომლები საკუთარი პირით ამბობდნენ, რომ არ იციან რაზე არიან დასაქმებულები, აუდიო ჩანაწერები არსებობს ამის და შესაბამისი კვლევაც დევს, ამიტომ ნუ დაიკავებთ სირაქლემას პოზიციას, ამაზე ყველამ ყველაფერი ვიცით”, – მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საკრებულოში, ანი  ბალიაშვილმა. 

ოპონენტების განცხადებას, “ქართული ოცნების” წევრმა, მიშა გოგინაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, 2016 წელს ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების რაოდენობა შემცირდა. 

“რეორგანიზაციის შედეგად საერთო რაოდენობა თანამშრომლების შემცირდა, ვიღაცა დახურულ კადრს მიღმა, რომ ლაპარაკობს, გამოვიდეს და ღიად თქვას. “მოზაიკას” კვლევაში ბევრი ფაქტობრივი შეცდომა იყო”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა, მიშა გოგინაშვილმა ოპონენტის განცხადებას. 

დეპუტატების განცხადებებს საკრებულოს თავმჯდომარემაც უპასუხა და განაცხადა, რომ საკრებულო  გამოითხოვს მერიისგან დეტალურ ინფორმაციას, მათ მიერ მიცემული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც რეორგანიზაციას ეხებოდა.

“მივცეთ მუშაობის საშუალება და ჩვენ გამოვითხოვოთ მასალები, როგორ შესრულდა ის დავალებები, რომლებიც საკრებულოსგან ჰქონდა. გორის მერი შემპირდა, რომ აუცილებლად გვესტუმრება”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

ინფორმაციისთვის, გორის მერის ბრძანებით მერიაში იგეგმება რეორგანიზაციის პროცესი. ბრძანების მიხედვით რეორგანიზაცია სამ ეტაპად განხორციელდება, რაც მოიცავს რეორგანიზაციის დაგეგმვას, რეორგანიზაციისთვის საჭირო სამართლებრივია აქტების ცვლილებების მომზადებას და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავებას და რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.