ხაშურში,აგურის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში ატრაქციონები და ტრენაჟორები დააზიანეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო და ამისთვის ბიუჯეტიდან 60 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
“აშკარაა, რომ ეს არ გახლავთ შემთხვევითი დაზიანება. ახსნას არ ექვემდებარება, რატომ უნდა დახარჯოს ადამიანმა ამხელა ძალისხმევა გაკეთებული საქმის გასაფუჭებლად და ზიანის მისაყენებლად. სკვერის მოსაწყობად დახარჯული თანხა ეკუთვნის თითოეულ ხაშურელს და ხალხის ქონების მიმართ უდიერი დამოკიდებულება დაუშვებელია”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხაშურის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და თუკი შენიშნავენ, რომ ვინმე მიზანმიმართულად აზიანებს, მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს.