„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ევროპა ქართველ ხალხს მხარს უჭერს”, – ასე გამოეხმაურა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მარიამ ქელეხსაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ის ევროკავშირს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები შეიმუშაოს.
“ევროპარლამენტში გამართულმა გუშინდელმა დებატებმა ცხადყო, რომ ევროპა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და საფუძვლიანად აკრიტიკებს ივანიშვილის ხელისუფლებას. იმედს ვიტოვებთ, რომ “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ხელს არ შეუშლის დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილის მიმართ მიღებულ დასანქცირებას სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებიც შეუერთდება. საქართველოს სახელმწიფო აუცილებლად გახდება ევროპის სრულუფლებიანი წევრი და პრორუსულ ხელისუფლებასაც მშვიდობიანად არჩევნების გზით შეცვლის საქართველოს ამომრჩეველი”, – აცხადებს ქელეხსაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.