ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მოქალაქეთა მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს და პირად შეტყობინებებში გამოგზავნილ თუ კერძო საუბრებში დასმულ შეკითხვებს ქალაქ ხაშურში გზების რეაბილიტაციასთან და წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით.
“ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტით გათვალისწინებული ხაშურის წყლის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების საერთაშორისო შესყიდვის პროცედურები.გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება და სამუშაოები დაიწყება 2022 წლის მესამე კვარტალში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს ქალაქ ხაშურს, სოფელ ცხრამუხას და სოფელ ოსიაურს”, – აცხადებს ხაშურის მერია.
უწყება განმარტავს, რომ ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი, გზების რეაბილიტაცია დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდება.
“მოგეხსენებათ, გზების რეაბილიტაცია დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, ამიტომ იმ პირობებში, როცა წყალმომარაგების პროექტი აუცილებლად გამოიწვევს გზების გადათხრას და დაზიანებას, წინასწარ გზების რეაბილიტაციის დაწყება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი და არარაციონალური ხარჯვა იქნებოდა. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მოქალაქეთა წუხილს, ვისაც გაუმართავი ინფრასტრუქტურა დისკომფორტს უქმნის. იმედი გვაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ობიექტურ გარემოებებს, რამაც გაუმართავობა გამოიწვია”, – აცხადებენ მერიაში.