ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში წყალი გრაფიკით, ხან კი, საერთოდ არ არის. ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს.
როგორც თამარ ბერუაშვილი ამბობს, თითქმის ყოველკვირა წყალი წყდება, ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როცა ტურისტული სეზონი იწყება.
“არ გვაცდიან ტურისტული სეზონის ნორმალურად ჩატარებას, მიზეზად ხან “მატორის”დაზიანებას ამბობენ, ხან ავზების ავსებას ხან რას,ხან რას…დაგვტანჯეს მოსახლეობა. ყოველკვირა როგორ შეიძლება ძრავი იწვებოდეს”, – ამბობს თამარ ბერუაშვილი.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, დაბა სურამში წყალი თითქმის ყველგან არის,
“კონკრეტულად თუ რომელიმე ლოკაციაზეა პრობლემა ეგ არ ვიცით,შეგიძლიათ წყალმომარაგების კომპანიას მიმართოთ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის”, – განაცხადეს მერიაში.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
“შეიძლება ერთ კონკრეტულ ოჯახს აქვს წყლის პრობლემა, ისე რომ დაბა სურამს წყალი არ მიეწოდება ეს ასე არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.
კონკრეტული დაზიანების ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 995 32 293 00 00