ადამიანები ისტორიები

პირველი ლექსი და 18 წლის ასაკში გამოცემული სამი კრებული – ნუცა ჩიტაძის ისტორია

ფერად-ფერადი ფურცლები, კალმები ფანქრები, ხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, რომლებიც მაგიდაზეა მიმობნეული ხაშურელი გოგოს სამუშაო სივრცეა, ამბობს, რომ ეს გარემო მას წერაში ეხმარება. 18 წლის ნუცა ჩიტაძემ ლექსების წერა 5 წლიდან დაიწყო.

“ლექსის წერის სტრუქტურა დედამ ამიხსნა, მას ჰქონდა გამოცდილება, წარსულში ისიც წერდა. პირველად მახსოვს სამშობლოზე დავწერე და ჩეს ქვეყანას მივუძღვენი, ამის შემდეგ გაიკვალა ჩემი გზა მწერლობაში. ვწერ მოთხრობებს, ვაკეთებ ჩანახატებს, ადრე უფრო ხშირად ვხატავდი, ახლა მხოლოდ წერას ვუთმობ დროს”, – ამბობს ნუცა

წერს ყვლგან სადაც მისთვის მყუდრო გარემოა, ეზოში, ბუნებაში, სახლში. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად საკუთარი ლექსებით იმ ამბებს ეხმაურება, რომლებიც მის გარშემო ხდება და აწუხებს.

რა დროს ომია?!

რა დროს ომია,

თავზე ეშმაკი წამოგვდგომია,

ადამიანის ბორდოსფრად ღებვა

რომელ სულიერს გამოდგომია?

ეს საზღვარია,

ქვეყნებს შორის თუ

ოფლის ღვარია,

სისასტიკის და დაუნდობლობის

ნიაღვარია.

ჯერ სენმა გვძლია,

ძლივს გაგვიძლია,

ნუთუ ომამდე ასეთი მოკლე,

მცირე მანძილია.

ყველა სამშობლოს გარშემო არტყავს

სადღაც საზღვარი.

ადამიანის ხარბი თვალია

გაუმაძღარი !

“ვცდილობ, რომ ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანი იყოს. ვწერ სიყვარულზე, მეგობრობაზე, სამშობლოზე, დედის როლი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდია, ამიტომ ჩემს ლექსებს ხშირად მას ვუძღვნი. წერის სურვილი თავისით მოდის, მუზამ არ იცის დრო. ვწერ, როდესაც ბავშვობა მახსენდება, ან დიდი სიხარული მაქვს გულში. მაგალითად, ახლა მქონდა ბოლოზარი და დავწერე ლექსი, რომელიც ჩემს თანაკლასელებს მივუძღვები”, – ამბობს ის.

გაკვეთილებს წინ რომ უსწრებს,

ბავშვებისთვის შესაზარი,

მაგრამ შემდეგ სანატრელი

ჩამორეკავს ბოლო ზარი.

ზარის წკრიალს თან დაერთვის

შორეული ჟრიამული,

პირველი დღის ბაფთები და…

პერანგები მოხატული.

ის დრო ახლა გზას გაუყვა,

დაუვიწყარ მოგონებებს,

ახალი გზის გასაყარზე,

ზარი ჟღერას გაგვაგონებს!

ნუცა ჩიტაძეს ლექსების სამი კრებული აქვს გამოცემული, “მოვალ და მოგფერები”, “ალუბლის ყვავილობა” და “მადლმოფენა”. მესამე კრებული საკუთარი ნახატებითაა ილუსტრირებული. ის არის შიდა ქართლის მწერალტა კავშირის წევრი. სამომავლოდ მეოთხე კრებულის გამოცემას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.