ანალიტიკა / გამოძიება

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები ხაშურში – მოსახლეობა მოძრაობის წესების გამკაცრებას ითხოვს

“ხაშურში ბავშვს მანქანა დაეჯახა, ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა”, – აღნიშნული შემთხვევები ხაშურში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა. მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოძრაობის წესების გამკაცრებას ითხოვს.

ერთ-ერთო ბოლო ავტოსგზაო შემთხვევა, სკოლის მიმდებარედ, ზებრა გადასვლელზე მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა.

“დღეს დილით დისშვილი მივიყვანე სკოლაში და ბავშვს, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა, კიდევ კარგი, რომ მხოლოდ წააქცია და დაზიანება არ მიუღია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ასე მშვიდად როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს? “, – ამბობს ხაშურში მცხოვრები ლიკა ხოფერია.

ხაშურელებმა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წესების გამკაცრების მოთხოვნით აქციაც დაანონსეს.

” მოვითხოვთ, რომ სკოლებთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დაყენდეს ან კამერები და 500 ლარზე ნაკლები ჯარიმა არ მიდიოდეს, რომ აღარავინ იაროს სწრაფად. დღესაც, ბავშვს დაეჯახა ვიღაც არაადამიანი. მადლობა უფალს რომ გადარჩა. არ უნდა გავჩერდეთ სახლში და გავიდეთ ყველა მოვითხოვოთ შვილების უსაფრთხოება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ელენე ბაღათურია.

უსაფრთხოდ გადადგილების პრობლემაზე საუბრობენ ადგილობრივ ოპოზიციაშიც. ენმ-ს წევრმა ხაშურის საკრებულოში, ეკატერინე პაპუაშვილმა უახლოს სხდომაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მიწვევა მოითხოვა.

“ასე უბრალოდ პოლიციის დგომა, პრობლემას ვერ აგვარებს. ერთადერთი გამოსავალი ვფიქრობ, რომ არის მოვიწვიოთ პოლიციის წარმომადგენლები და ერთად ვეძიოთ გზა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, გვირჩიონ რა გავაკეთოთ. რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ამ საკითხით დავინტერესდეთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ადგილობრივ ხელისუფლება ამბობს, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით გეგმა შემუშავებული აქვთ, რომლის მიხედვით გარკვეულ ქუჩებზე სხვდასხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე შეიცვლება მიმართულებებიც, რაც მერიის აზრით, ქალაქში მოძრაობას განმუხტავს და უსაფრთხოების ზომებიც გატარდება.

“გათვალისწინებულია ყველა დეტალი, გეგმის შემუშავების დროს მოწვეული გვყავდა, როგორც პატრულ-ინსპექტორები, ასევე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც და მათთან ერთად განვიხილეთ ყველა ეს საკითხი და პრობლემა. მოგვცეს რჩევებიც თუ სად უნდა დაყენდეს საგზაო ნიშნები და კამერები,ასევე დავგეგმეთ საპარკინგე ადგილების მოწყობაც, რაც მოაგვარებს პრობლემას და ქუჩები ასეთი გადატვირთული აღარ იქნება”, – აღნიშნა ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტტის მერიამ ქალაქში საგზაო მიმართულებით რამდენიმე ცვილილება დაანონსა, რისთვისაც გარკვეულ ქუჩებზე სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერიც გამოაცხადა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.