ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის ბაუსკას მუნიციპალიტეტის მერმა აივარს ოკმანისმა ხაშურისა და ბაუსკას მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა სახელით პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
“ხელშეკრულება ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კულტურის, განათლების, სპორტის, ბიზნესს-ურთიერთობების, ახალგაზრდული პროგრამების და სხვა მიმართულებებით”, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში თენგიზ ჩიტიაშვილთან ერთად შედიოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი.
“ვიზიტის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია შეხვდა ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლის სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, სამუსიკო სკოლის, მუზეუმების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფერმერებს. დაისახა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები”, – აცხადებენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, ბაუსკას მუნიციპალიტეტთან ხაშურის მუნიციპალიტეტს პარტნიორობა 2011 წლიდან აკავშირებს. ლატვიაში განხორციელებული მუნიციპალური რეფორმის შედეგად, ბაუსკას მუნიციპალიტეტი უკვე ოთხი მუნიციპალიტეტის გაერთიანების სახითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, პარტნიორული ხელშეკრულების განახლების საჭიროება ამ გარემოებამ გამოიწვია.
ბაუსკას მუნიციპალიტეტმა პარტნიორული ხელშეკრულება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან განაახლა.