ჩემი გატაცება კულინარიაა. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, სამზარეულოში ვპოულობ განტვირთვას, – ამბობს მადონა ჩიბირაშვილი, რომელმაც კულინარიის სიყვარულის ბიზნესი წამოიწყო და ახლა საკუთარი კვების ობიექტი აქვს.
მადონამ ქარელში პატარა მყუდრო კაფე მოაწყო, სადაც სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და სახლში დამზადებული მურაბებით და კომპოტებით უმასპინძლდება.
“თვითნასწავლი კულინარი ვარ, პერიოდულად თემატურ ჯგუფებში გავწევრიანდი და ვუყურებდი ხოლმე, სხვები როგორ ამზადებდნენ, სერვირებას როგორ აკეთებდნენ და შემდეგ მე ვიმეორებდი. ამ ჯგუფებში ახლა ძალიან პოპულარული ვარ, უკვე მთხოვენ ჩემი რეცეპტების გაზიარებას”, – გვიყვება მადონა.
ქარელში კაფის მოწყობის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ამას ვერ ახერხებდა, ის კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორია. ამბობს, რომ დღე – ღამის 24 საათი საქმეებისთვის არ ჰყოფნის.
მას ამ იდეის განხორციელებაში ოჯახის წევრები დაეხმარნენ.
“მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ქარელს კაფე არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქალაქია, მაინც გინდა მეგობართან ერთად ფინჯან ყავაზე ჩამოჯდე, ისაუბრო, გემრიელი სამზარეულო დააგემოვნო. ხოდა, ვთქვი, რატომაც არა, მე გავხსნი და მზარეულიც თავად ვიქნები-თქო. დღე ბაღში ვარ, საღამოს კაფეში, როგორღაც გამომდის დროის გადანაწილება”, – ამბობს მადონა.
მადონას 6 წლის წინ ექიმებმა მეორე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გვიყვება, რომ დიაგნოზის მოსმენა ისევე როგორც ყველასთვის, მისთვისაც სტრესული იყო.
“არ მინდოდა ვინმეს ან შევცოდებოდი, ან ისე შემოეხედათ, თითქოს ჩემი ბოლო დღე იყო. ამ დაავადებაში მთავარია განწყობა, როგორ შეხვდები შენს განსაცდელს, მე ჩემი ხასიათი დამეხმარა ამ სენის დამარცხებაში”.
მადონა ამბობს, რომ დაავადების დამარცხებაში ოჯახის მხარში დგომა და რწმენა დაეხმარა, რწმენა იმისა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის.
“ორჯერ გადამპარსა მეუღლემ თავი. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული იყო, მაგრამ მათი თანადგომით ამ სირთულეს გავუმკლავდი. მე ვარ ჯგუფებში, სადაც ონკო პაციენტები არიან, სულ ვსაუბრობ ჩემს პრობლემაზე და მეუბნებიან ხოლმე, შენ რომ გიყურებთ, ძალა გვემატებაო. ეს დიდი ძალაა, თუ მე შევძელი მათაც უნდა შეძლონ”, – ამბობს მადონა.
მადონა პროფესიით ჟურნალისტია. წლების განმავლობაში, მუშაობდა კიდევაც კორესპოდენტად, ახლაც ერთადერთი ოცნება აქვს – დაუბრუნდეს აქტიურ ჟურნალისტიკას, რადგან თვლის, რომ ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ.