გორში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
“დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენოთახიან ბინაზე რამდენქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს: ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა; ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6,5 ან მეტი ქულა; ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1,5 ან მეტი ქულა”, – განმარტავს სააგენტო.
უწყების ცნობით, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და ჯამში, 54 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.
დევნილ ოჯახებს, რომლებმაც გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადები შეავსეს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წინასწარი ქულა მიენიჭათ. აღნიშნული ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.