ანალიტიკა / გამოძიება

ტურიზმი ინფრასტრუქტურის გარეშე – რა პრობლემებია სურამში

დაბა სურამში მცხოვრებლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტარაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუკი ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე არ იზრუნებს, დამსვენებლებს ვერ მიიღებენ.

“ტურისტულ სეზონს მოუმზადებლები ვხვდებით”,  – ამბობენ სურამელები. 

ერთ-ერთი ადგილობრივი ლელა ლეჟავა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ სურამის მოსახლეობას განვითარების გეგმა წარუდგინა, თუმცა მას შემდეგ დაბაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით არაფერი შეცვლილა. 

“სად წავიდა სურამის გენ.გეგმა, რომელსაც სურამლები შევეგებეთ სიხარულით, რომლის დამტკიცებასაც ხელი მოაწერა მაია ცქიტიშვილმა და რომელ აქტსაც ვაფრიალებდით სტატუსებად? სანამ მთლიანი ინფრასტრუქტურული გეგმით არ მოეწყობა სურამი, მანამდე არ ექნება აზრი, არც სკამს და არც საქანელას, დაიზარდნენ თაობები და არ ღირსებიათ თანამედროვე ფორმის, არც პარკი, არც სპორტული დარბაზი, არც კულტურის კერა, არც კინოთეატრი, არც საავადმყოფო, არც ავტოსადგური და არც სკოლა”, – ამბობს ლელა ლეჟავა. 

სურამელები ამბობენ, რომ ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად, მათთვის მიცემული დაპირებები დღემდე არ შესრულებულა. 

“არ არსებობს ტროტუარები, ყველგან ნაგავი ყრია, დახეთქილი წყლის მილებიდან წყალი მოედინება ქუჩებში. არ არის სკვერები, ტყეც დანაგვიანებულია, ბავშვს ვერ გაიყვან ,- ამბობს სურამში მცხოვრები ირინე ხიდირბეგაშვილი.

მერიის ინფორმაციით სურამის განვითარების გეგმა დამტკიცებულია. უწყებაში განმარტავენ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. 

“უახლოეს პერიოდში დაიწყება ყოფილი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ასევე მოეწყობა რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორია, გაკეთდება ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურაც”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

უწყების ცნობით, სურამში ასევე დაგეგმლია სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაც. მერიაში ამბობენ, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა რამდენიმე იდეა:

ამაღლების ეკლესიის ასასვლელში, წყაროსთან, დასასვენებელი ადგილის მოწყობა;

საკირის ტერიტორიაზე ტრენაჟორებისა და სკვერის მოწყობა;

პოლიციის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცისა და ატრაქციონების მოწყობა;

კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურები 11-12 ივნისს გაიმართება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.